თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

ინაშვილი კრამერს: თქვენ მე ბოდიში უნდა მომიხადოთ, ბოდიში უნდა მომიხადოთ, ბოდიში მომიხადეთ

ტაბულა

თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა დევიდ კრამერს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. 

"ბატონო კრამერ, მე თქვენ ბოდიში უნდა მომიხადოთ, თქვენ მე ბოდიში უნდა მომიხადოთ, ბოდიში უნდა მომიხადოთ, იმიტომ, რომ თქვენ გადააბიჯეთ და შეურაცხყოფა მიაყენეთ საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს პარლამენტის წევრს, ბოდიში მომიხადეთ" - მიმართა ინაშვილმა კრამერს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ მას კითხვის დროულად დასმისკენ მოუწოდა.

პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა. ირმა ინაშვილის თქმით, მას აქვს უფლება, ღონისძიებას დაესწროს და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხოს. ინავილთან ერთად, თბილისი რუმსში მივიდა ტელეკომპანია ობიექტივის ჟურნალისტიც, რომელიც აგრესიით გამოირჩევა. შეჭრისას, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ინაშვილის საქციელმა კრამერი აღაშფოთა.

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა მოგვიანებით განმარტა, რომ არ იცოდა, ვინ იყო ირმა ინაშვილი. 

"ყველაფერი ძალიან მარტივია, მე არ ვიცოდი, ვინ იყვნენ ეს ადამიანები. მე ვნახე ვიღაც მიკროფონით, რომელიც უხეშად შემოიჭრა კონფერენციაზე. შემდეგ ის ქალი შემოვიდა, არც მის შესახებ ვიცოდი, ვინ იყო. ყველა კამერა მასზე იყო კონცენტრირებული. მე გადავწყვიტე, რომ სიტუაცია უნდა განემუხტა, სხვანაირად კონფერენცია ვერ გაგრძელდებოდა. ჩემი ინტერესი კონფერენციის განახლება იყო. მას შეუძლია, აქ იყოს. არ ვიცოდი, ვინ იყო, შეუძლია დარჩეს. კაცი მიკროფონით განსაკუთრებით უხეში და ნაგავი იყო" - უთხრა კრამერმა ტაბულას.

„თბილისის საერთაშორისო კონფერენცია“ 2015 წელს დაარსდა ორგანიზაციების - „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ. მეხუთე წელია თბილისი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს. 2019 წლის კონფერენცია - Now What? - 9 სექტემბერს გაიხსნა.

მონაწილეთა შორის არიან პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ამერიკელი დიპლომატები, მეთიუ ბრაიზა და ჯონ ტეფტი. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები.

კონფერენციას ესწრებიან საქართველოს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

კომენტარები