თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

ლიტველი პარლამენტარი ინაშვილს: ბოკერია თქვენი საუკეთესო მეგობარია, მოგიწევთ, გიყვარდეთ

ზიგიმანტას პავილიონისი 

ლიტვის პარლამენტის წევრმა, ზიგიმანტას პავილიონისმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილს უთხრა, რომ გიგა ბოკერია მისი საუკეთესო მეგობარია და მოუწევს, უყვარდეს მანამ, სანამ საქართველო ნატოს წევრი არ გახდება.  

პავილიონისი ირმა ინაშვილის კომენტარს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "ჩვენ ვართ, ჩვენ, საქართველოს პატრიოტები, ნამდვილად ქართული პარტია და დასავლური აზროვნების პარტია. ამიტომ, იცოდეთ, როცა ბოკერიები, სააკაშვილები და მათი ექსპერტები ჩვენზე საუბრობენ, ყველაფერი ტყუილია".

სწორედ მის პასუხად განაცხადა ევროპელმა პოლიტიკოსმა: 

"მე, სამწუხაროდ, გავიმეორებ იმას, რასაც ვიმეორებ ყოველ კონფერენციაზე, რომელზეც გამოვდივარ. მე თქვენი სახელი არ ვიცი, ქალბატონო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბოკერია თქვენი საუკეთესო მეგობარია. თქვენ მოგიწევთ მისი შეყვარება, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ ვისწავლეთ ლიტვაში. თქვენ შეგიძლიათ, ძალიან განსხვავებულები იყოთ, შეგიძლიათ, ძალიან განსხვავებული მოსაზრებები გქონდეთ, მაგრამ თქვენ თუ მართლა გინდათ ამ ჯენტლმენების დარწმუნება თქვენს ეროვნულ სტრატეგიულ მიზნებში, თქვენ უნდა დარჩეთ ბოკერიასთან, სანამ ნატოში არ შეხვალთ. და შემდეგ შეგიძლიათ იჩხუბოთ, რაზეც გინდათ. მაგრამ არ გააკეთოთ ის, რაც ახლა გააკეთეთ, ნატოში შესვლამდე". 

დღეს, 10 სექტემბერს პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე შეიჭრა და ღონისძიება დროებით შეწტვირა - ინაშვილი კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა. 

როგორც მან თქვა, იქ იმის სათქმელად მივიდა, რომ "გიგა ბოკერია მწამებელია და მან ჩააბარა კოდორი და ახალგორი". 

"ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, საქართველოს პატრიოტები პირველ რიგში, ჩვენ ვაფასებთ დასავლეთის დახმარებას და ურთიერთობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

ჩვენ ვართ, ჩვენ, საქართველოს პატრიოტები, ნამდვილად ქართული პარტია და დასავლური აზროვნების პარტია. ამიტომ, იცოდეთ როცა ბოკერიები, სააკაშვილები და მათი ექსპერტები ჩვენზე საუბრობენ, ყველაფერი ტყუილია.​​

დასავლურობა მათ ესმით როგორც ადამიანთა წამება, მიტინგების დარბევა, ბიზნესმენებისთვის ქონების წართმევა, რასაც აკეთებდა სააკაშვილი და ბოკერია, არჩევნების გაყალბება, ქვეყნის ტერიტორიების 22%-ს ჩაბარება მოწინააღმდეგისთვის. ადამიანთა წამება, მკვლელობა, აქციების დარბევა, ეს დასავლური ღირებულებებია? ეს არის ჩემი პირველი შეკითხვა.

მე ზუსტად ვიცი, რომ ეს არ არის დასავლური ღირებულებები, ეს არის ბოლშევიზმი და ფაშიზმი. ჩვენ ვართ, ჩვენ, საქართველოს პატრიოტები, ნამდვილად ქართული პარტია და დასავლური აზროვნების პარტია. ამიტომ, იცოდეთ როცა ბოკერიები, სააკაშვილები და მათი ექსპერტები ჩვენზე საუბრობენ, ყველაფერი ტყუილია.

ანუ ჩემი პირველი შეკითხვა - არის თუ არა დასავლური ღირებულებები და დასავლური აზროვნება ადამიანების წამება? ძალიან საინტერესო თეზისები ითქვა ის და თქვა, რომ ხაზგასმული იყო, რომ აუცილებელია პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ. და მეორე შეკითხვა - საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სხვადასხვა კონცეფციაზე, რას გვთავაზობთ თქვენ, რომ ეს იყოს დანაკარგების გარეშე, ამან არ გამოიწვიოს ახალი ტერიტორიების დაკარგვა ჩვენთვის და ეს მოხდეს მშვიდობიანად, კონკრეტულად რა კონცეფციას გულისხმობთ თქვენ?", - თქვა ინაშვილმა კითხვის დასმის დროს. 

კომენტარები