რუსული ოკუპაცია

ციხელაშვილი ახალგორზე: ვცდილობთ ხალხი გაუმართლებელი პოლიტიკური ინტერესების მძევალი არ იყოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დაკეტვა აბსოლუტურად მიუღებელი, არალეგიტიმური და უკანონოა.

ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ამ ყველაფერს რამე საბაბი და არგუმენტი ჰქონდეს. მისი შეფასებით, ეს მოსახლეობაზე პირდაპირი ზეწოლაა.

"ამ ჯერზე, როდესაც ოძისი-ახალგორის მიმართულებით მოძრაობა სრულიად შეფერხდა, თავად ცხინვალის დე-ფაქტო წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა განცხადება, რომ ეს ორი დღით იყო. გუშინ გაკეთებული განცხადებით, ვადა ფაქტობრივად არ დაუსახელებიათ, როდის შეიძლება გაიხსნას. ეს ზეწოლის მექანიზმია, რომლის მსხვერპლი და მძევალიც მოსახლეობაა, უბრალო ადამიანები, ძირითადად ახალგორის მოსახლეობა, სადაც უმეტესობა ეთნიკურად ქართველია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ასევე ძალიან მძიმედ მოქმედებს ჩვენს ოს მოსახლეობაზე. როცა ერთადერთი სასიცოცხლო ხაზი იკეტება, ფაქტობრივად, რეგიონის სრული იზოლაცია ხდება და ჰუმანიტარული თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობა იქმნება", - ამბობს ციხელაშვილი.

სახელმწიფო მინისტრი იმედოვნებს, რომ საოკუპაციო რეჟიმი გააცნობიერებს იმ მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს, რაც ამ ზომებს მოჰყვება.

"მოგეხსენებათ, წინა წლის დასაწყისში, გადაადგილება ორი თვით ჩაიკეტა, ასეთივე აბსურდული მიზეზით, თითქოს ეს გრიპის ვირუსის გავრცელების საშიშროებას ქმნიდა, რომელიც ისედაც გავრცელებული იყო. თვეების შემდგომ, როცა ეპიდემია მთელს ევროპასა და მათ შორის, საქართველოში ამოიწურა, ცხინვალის რეგიონში ადამიანებს ამ ვირუსთან გამკლავება უხდებოდა. მათ შორის ბაღებსა და სკოლებში.

რამდენადაც კრიტიკული და მკაფიო ვარ ჩემს შეფასებაში, იმდენად მინდა მაინც გამოვხატო იმედი, რომ იმ რეჟიმის მხრიდან, რომელიც ამ ზომას ადამიანებზე ზეწოლისათვის იყენებს, გაცნობიერებული იქნება ძალიან მძიმე ჰუმანიტარული შედეგები, რომელიც ამას გაყოფილი ოჯახებისთვის მოჰყვება და აქედან გამომდინარე, უკანონო შეზღუდვა, რომელიც ისედაც შეზღუდულ გადაადგილებას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის, მოიხსნება", - ამბობს ციხელაშვილი.

ის საუბრობს იმ ღონისძიებებზეც, რომლებსაც, მისი თქმით, სახელმწიფო შეზღუდვის მოსახსნელად ატარებს. ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნავს, რომ პარტნიორებთან მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს და გაიმართა არაერთი შეხვედრა.

"სწორედ ახლა დავასრულე შეხვედრა ევროსაბჭოს მომხსენებლებთან, რომელთაც უკვე მერამდენე წელია, სამწუხაროდ, არ ეძლევათ ადგილზე წვდომის შესაძლებლობა. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც გენერალური მდივნის დავალებით მუდმივად ამზადებენ სიტუაციაზე მონიტორინგის ანგარიშს.

მათთანაც გვქონდა საუბარი ამ ჰუმანიტარული თვალსაზრისით ყველაზე მწვავე გამოწვევაზე. ასევე, ჟენევის თანათავმდჯომარეებთან. ბუნებრივია, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც არის კომუნიკაცია. ჩვენ ყველა ამ არხით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დიდი ძალისხმევა იქნას გამოყენებული ამ ერთი შეხედვით მარტივი გადაწყვეტილების მისაღებად, რათა ხალხი ასეთი გაუმართლებელი პოლიტიკური ინტერესების მძევალი არ იყოს.

დავანებოთ თავი ამ ხალხს, რომელსაც გადაუჭრელი ოკუპაციის პირობებში ცხოვრება ისედაც ძალიან უჭირს. ამით ზარალდებიან ქართველებიც, ოსებიც, აფხაზებიც და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ რეგიონებში ცხოვრობს. დროა ადამიანური ფაქტორის გათვალისწინება მოხდეს მანამდეც, ვიდრე კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარება იქნება შესაძლებელი", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ახალგორი უკვე რამდენიმე დღეა ჩაკეტილია. 

გუშინ, 9 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ "სამთავრობო" საინფორმაციო სააგენტომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციაც გაავრცელა. 

მასში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება "ოფიციალური თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე დაძაბულობის ესკალაციასთან და სასაზღვრო ზონაში ოპერატიული სიტუაციის გართულების გამო" იქნა მიღებული. 

კომენტარები