თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

ბოკერია: სანამ დანარჩენი საქართველო დაცული არ არის, რუსეთი აფხაზეთს და ცხინვალს არ დათმობს

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ოკუპირებული ცხინვალიც და აფხაზეთიც რუსეთისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია მთელ რეგიონში ბატონობისთვის. მისი შეფასებით, როგორც კი საქართველო NATO-ს წევრი გახდება, ქვეყანა როგორც მინიმუმ, ბევრად უფრო დაცული იქნება. ბოკერია ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი რომ არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს გაწევრიანება მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცელებლად.

"ჩვენი ოპონენტები და მათ შორის სკეპტიკოსები ევროპაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას იყენებენ როგორც საფრთხეს,  - "ვერ მიგიღებთ ნატოში, იმიტომ, რომ ტერიტორიები გაქვთ ოკუპირებული და თუ მიგიღებთ, ეს ნიშნავს ომს რუსეთთან". ამიტომ აბსოლუტურად გონივრული ნაბიჯია და ანდერს რასმუსენს კი არ აქვს მოფიქრებული, ეს ჯერ კიდევ ატლანტიკური საბჭოს ძალიან კარგი მოხსენება იყო საქართველოსთვის, რომ სწორია, ამ საბაბს თუ არგუმენტს სკეპტიკოსებისგან ვუპასუხოთ რაციონალურად და ვუთხრათ, რომ აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე ნატოს მე-5 მუხლი არ ვრცელდება, რადგან რუსეთთან ომის დაწყებას არავინ აპირებს, თუ რუსეთი დანარჩენ საქართველოს აღარ დაესხმება თავს. 

რა გამოდის, რას გვთავაზობს ინაშვილი, ომი რომ დაიწყოს რუსეთთან? ეს ხომ იგივე ხალხია, ვინც ყოველდღე ჩვენს მოქალაქეებს აშინებს, რომ ომი არ გვინდა რუსეთთან, თითქოს ვინმეს უნდა ომი. სწორედ იმიტომ, რომ ომი არავის არ უნდა რუსეთთან, საჭიროა, რომ ეს იყო მკაფიოდ ნათქვამი, რომ საქართველო გაწევრიანდება ნატოში, საქართველოს არაოკუპირებული ნაწილი იქნება დაცული მე-5 მუხლით, რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს, ეს არ იქნება მარტივი პროცესი, მაგრამ მშვიდობიანად მოხდება აღდგენა, იმიტომ, რომ რუსეთს დანარჩენი საქართველოს დამხობის შანსი აღარ ექნება. 

ჩვენ გვინდა ომის თავიდან აცილება და იმისთვის, რომ ომი თავიდან ავიცილოთ, საქართველოს არაოკუპირებული ნაწილი მე-5 მუხლით უნდა იყოს დაცული და ტერიტორიული მთლიანობა იქნება საერთაშორისო თვალსაზრისით პირიქით, გამყარებული",- თქვა გიგა ბოკერიამ TV პირველის გადაცემაში - "რეაქცია". 

მისი თქმით, გერმანიის მაგალითი იდენტური არ არის, მაგრამ არის სწორი, ვინაიდან დასავლეთ გერმანია რომ არ ყოფილიყო დაცული ნატოს, მოკავშირეებისა და ამერიკის მიერ, არაფერი გამოუვიდოდათ.

"შესაბამისად, ჩვენც გვჭირდება დაცვა, რომ მეტი ვეღარ შეგვიტიონ. ცხინვალიც და აფხაზეთიც, რომელიც ჩვენთვის არის განუყოფელი ნაწილი, უძვირფასესი, რომელსაც არასოდეს არ დავთმობთ, რუსეთისთვის არის მხოლოდ ინსტრუმენტი მთელ რეგიონში ბატონობისთვის. ამიტომ, როგორც კი საქართველო ნატოს წევრი გახდება, როგორც ბალტიისპირეთი გახდა, ისინი ვეღარ შეგვიტევენ, ან როგორც მინიმუმ, ბევრად უფრო დაცულები ვიქნებით.

მაგრამ რუსული პროპაგანდის ამოცანაა, მოატყუოს საზოგადოება, ამოგლიჯეს ეს კონტექსტიდან და იძახიან, აფხაზეთის  დათმობას გვთხოვენო, თითქოს ისე გვიბრუნებს რუსეთი აფხაზეთს.

სწორედ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებისთვის არის საჭირო, რომ ჩვენ ვიყოთ დაცული და შეგვეძლოს მშვიდობიანად იძულება რუსეთის, რომ დათმოს ტერიტორიები. სანამ დანარჩენი საქართველო დაცული არ არის, აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს რუსეთი არ დათმობს, რადგან ექნება ილუზია, რომ მთელ საქართველოს ჩაიგდებს ხელში" - ამბობს ბოკერია.

როგორც NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე თქვა, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი რომ არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გწევრიანება მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცელებლად. აღსანიშნავია, რომ ეს არ ნიშნავს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალზე უარის თქმას.

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, ალიანსს უკვე აქვს პრეცედენტი, როდესაც გერმანია 1955 წელს ისე გახდა NATO-ს წევრი, რომ მე-5 მუხლი მხოლოდ დასავლეთზე, ხოლო ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, 1991 წლიდან უკვე აღმოსავლეთზეც გავრცელდა:

"ჩვენ გვაქვს პრეცედენტი - გერმანია გაყოფილი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად. გერმანია NATO-ს შეუერთდა 1955 წელს, თუმცა მხოლოდ დასავლეთი - NATO-ს წესები არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. მაგრამ როცა გერმანია კვლავ გაერთიანდა 1991 წელს, NATO-ს წესები აღმოსავლეთზეც გავრცელდა. პრინციპში, მსგავსი მოწყობა შეთანხმება შეიძლება საქართველოს შემთხვევაშიც შედგეს."

რასმუსენის შეფასებით, თუ საქართველო ამ საკითხს დროულად არ მიხედავს, რუსეთს მუდამ ექნება ბერკეტი, რომლითაც შეძლებს მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია შეაფერხოს.

რას გულისხმობს მე-5 მუხლი და მისი დროებითი არგამოყენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ. 

ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა 2018 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა კვლევა "NATO-ს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში". კვლევაში წერია, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს. ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია შესაძლებელია 1949 წლის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესწორებით მოხდეს, რაც გულისხმობს მე-5 მუხლის დროებით არ გავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები