საქართველო-NATO

ჩუგოშვილი: მისაღებია, NATO-ს წევრი გავხდეთ სრული ტერიტორიით, კუდის მობმები ზედმეტია

პირველი არხი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქართული ოცნების წევრის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, საქართველოს ამოცანაა, ნატოს წევრი გახდეს "საერთაშორისოდ აღიარებულ ჩარჩოებსა და ფარგლებში მთლიანად, სრულად". 

მისივე თმით, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი არ არის ნატოს ოფიციალური წარმომადგენელი, ამიტომ ჯობია "დავმშვიდდეთ და დავწყნარდეთ". 

"ეს არ ყოფილა ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენელი, რომელმაც ოფიციალური კომენტარი გააკეთა. მან აზრი შესთავაზა საქართველოს სამსჯელოდ, მეტი არაფერი. დამშვიდდით, დაწყნარდით, საზოგადოებას არ სჭირდება ამაზე ღელვა და ნერვიულობა. საქართველო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ნატო-სთან თავსებადობა გვქონდეს მაღალი, ვიდრე ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც ჩვენზე წინ არის პოლიტიკურ მოლაპარაკებებში წასული და ამას აღიარებს ყველა, ნატოც და საერთაშორისო პარტნიორებიც. ჩვენთვის მისაღებია, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში, ამიტომ სპეკულაციები და კუდის მობმები ამ თემაზე არის სრულიად ზედმეტი და ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება", - თქვა თამარ ჩუგოშვილმა. 

ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე თქვა, რომ იმისთვის, რათა ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება მე-5 მუხლის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაუვრცელებლად. 

რას გულისხმობს მე-5 მუხლი და მისი დროებითი არგამოყენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ. 

ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა 2018 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა კვლევა "NATO-ს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში". კვლევაში წერია, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს. ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია შესაძლებელია 1949 წლის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესწორებით მოხდეს, რაც გულისხმობს მე-5 მუხლის დროებით არგავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები