ირანი

ირანში ავსტრალიის სამი მოქალაქე დააკავეს

Getty Images

ირანში ავსტრალიის სამი მოქალაქე დააკავეს, ორ მათგანს დიდი ბრიტანეთის პასპორტიც აქვს.

ბრიტანელ-ავსტრალიელი პროფესორი, რომელიც ავსტრალიის უნივერსიტეტში ასწავლის რამდენიმე თვის წინ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

The Time-ის ინფორმაციით მას 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და იზოლატორში ჰყავთ.

მის გარდა დაკავებულია ბრიტანელ-ავსტრიელი ბლოგერი და მისი პარტნიორი, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ თეირანის ერთ-ერთ გარეუბანში სამხედრო ზონაში პიკნიკის დროს აიყვანეს.

დაკავებულების ახლობლების თქმით მათ უთხრეს, რომ ავსტრალიასთან პატიმრების გაცვლისათვის ჰყავთ დაკავებული.

ავსტრალიის მთავრობა მათ გასათავისუფლებლად ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში კი ამბობენ, რომ დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია აქვთ.

ავსტრალიის მთავრობამ ირანში მოგზაურობაზე გაფრთხილება გაავრცელა. საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ირანის ელჩი დაიბარა. მიზეზად ირანული ნავთობტაკნერის საკითხი სახელდება. უცნობია განიხილავენ თუ არა ისინი დაკავებულთა საკითხს.

ბრიტანეთსა და ირანს შორის ურთიერთობები გასული თვეების განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა.

ირანული ტანკერი გიბრალტარმა დიდი ბრიტანეთის ძალების დახმარებით 4 ივლისს დააკავა, რადგან მიაჩნდათ, რომ ის სირიისათვის ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არღვევდა. ტანკერს 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი გადაჰქონდა.

ამის შემდეგ, გასულ თვეს სათევზაო გემთან შეჯახების ბრალდებით ჰორმუზის სრუტეში დააკავეს ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი. მიუხედავად იმისა, რომ ტანკერს ბრიტანეთის ფლოტის გემი იცავდა, დაკავების მომენტში ის ტანკერიდან ერთი საათის სავალ გზაზე იმყოფებოდა.

დიდმა ბრიტანეთმა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში მათი ნავთობტანკერის დაკავების განსახილველად აშშ-სა და საფრანგეთის სამხედრო წარმომადგნლები მიიწვია, სადაც ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობის უსაფრთხოებისათვის საერთაშორისო მისიის შექმნა განიხილეს.

გიბრალტარმა ირანული გემის გათავისუფლების გადაწყვეტილება გასულ თვეს მიიღო, მას შემდეგ, რაც გიბრალტარის პრემიერმინისტრმა ფაბიან პიკარდომ თქვა, რომ თეირანისგან გარანტია მიიღო, რომ ტვირთი სირიაში არ წავა. თუმცა, მომდევნო დღეს ვაშინგტონის სასამართლომ ტანკერის დაკავების ორდერი გამოსცა. აშშ-ს ტანკერის დაკავება ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიასთან კავშირის საფუძველზე სურს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციების სიაში მიმდინარე წელს შეიყვანეს.

გიბრალტარის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ თხოვნას არ დაემორჩილებიან, რადგან ევროკავშირის კანონების ფარგლებში მოქმედებენ.

გასულ კვირას ირანმა ბრიტანული ტანკერის ეკიპაჟის 7 წევრი გაათავისუფლა.

კომენტარები