აშშ-ჩინეთი

სავაჭრო ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩინეთმა 16 ამერიკულ პროდუქტს ტარიფები მოუხსნა

ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩინეთმა 16 ამერიკულ პროდუქტს ტარიფები მოუხსნა.

მათ შორის არის კრევეტები, თევზის ფხვნილი და კიბოს მედიკამენტები.

12 პროდუქტზე იმპორტიორებს კომპენსაციის მიღება შეეძლებათ.

ტარიფების მოხსნა ძალაში 17 სექტემბრიდან შევა და ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

ჩინეთმა ეს ნაბიჯი სავაჭრო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდამდე გადადგა. ამერიკის და ჩინეთის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს ვაშინგტონში გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ აშშ-მა ჩინეთი უსამართლო ვაჭრობაში დაადანაშაულა და მხოლოდ გასულ წელს ჩინურ პროდუქციას 250 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფები დაუწესა. აშშ ჩინეთს ინტელექტუალური საკუთრების მოპარავაშიც ადანაშაულებს და მოითხოვს შეცვალონ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებს უსამართლოდ ანიჭებს უპირატესობას სუბსიდიების სახით.

10 მაისს აშშ-მა ჩინეთს 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფები გაუორმაგა. ტარიფები 10%-დან 25%-მდე გაიზარდა სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის თევზზე, ხელჩანთებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და სხვა.

ჩინეთმა აშშ-ის დაწესებული ტარიფების საპასუხოდ 60 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 1 ივნისიდან ტარიფები გაზარდა.ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

გასულ თვეს კი ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთი "ვალუტით მანიპულატორად" ცნო.

კომენტარები