პატრიოტთა ალიანსი

ინაშვილი: 15 სექტემბერს ვიკრიბებით ამერიკის საელჩოსთან, ჩვენ არა ვართ მათი კოლონია

"პატრიოტთა ალიანსი" 15 სექტემბერს საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან აქციას გამართავს. ირმა ინაშვილის თქმით, ამერიკელ პარტნიორებს ეტყვიან, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფო და არა რუსეთის ან აშშ-ის გუბერნია.

"15 სექტემბერს 16:00 საათზე ყველა ვიკრიბებით ამერიკის საელჩოსთან. ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ ისინი არიან ჩვენი პარტნიორები, მაგრამ არა დირექტორები. ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ და დასავლელ პარტნიორებს, მხარს ნუ უჭერთ მწამებელ ბოკერიას, მწამებელ სააკაშვილს, რომლებმაც ჩააბარეს კოდორი და ახალგორი, ეს ძალიან აბრაზებს ქართველ ხალხს და სწორედ ეს აძლიერებს ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ განწყობებს.

ჩვენ უნდა ვუთხრათ ამერიკის საელჩოსთან ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ თქვენ არა ხართ ჩვენი დირექტორები. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირსება. ჩვენ ვთანამშრომლობთ თქვენთან, თქვენ ნამდვილად ხართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არა ვართ თქვენი კოლონია და ჩვენ არ ვაპირებთ, გავხდეთ ან თქვენი კოლონია ან რუსეთის გუბერნია, საქართველო განვითარდება მომავალშიც, როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა. არცერთ კრამერს არ ექნება იმისი უფლება, რომ ხელით შეეხონ საქართველოს პარლამენტის წევრს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა პირველი არხის ცნობით.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერის თქმით, პარტია აშშ-ის საელჩოს მიმართავს, რათა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს აეკრძალოს საქართველოში ჩამოსვლა.

"საგანგებო ნოტით, წერილით მივმართავთ როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ამერიკის საელჩოს, ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ისე სხვა საერთაშორისო სტრუქტურებს და ჩვენს პარტნიორებს" - თქვა ინაშვილმა.

10 სექტემბერს პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მივარდა და მისი ჩაშლა სცადა. ის კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა. როგორც ინაშვილმა თქვა, იქ იმის სათქმელად მივიდა, რომ "გიგა ბოკერია მწამებელია და მან ჩააბარა კოდორი და ახალგორი". შეჭრისას, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ინაშვილის საქციელმა კრამერი აღაშფოთა.

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა მოგვიანებით განმარტა, რომ არ იცოდა, ვინ იყო ირმა ინაშვილი. 

"ყველაფერი ძალიან მარტივია, მე არ ვიცოდი, ვინ იყვნენ ეს ადამიანები. მე ვნახე ვიღაც მიკროფონით, რომელიც უხეშად შემოიჭრა კონფერენციაზე. შემდეგ ის ქალი შემოვიდა, არც მის შესახებ ვიცოდი, ვინ იყო. ყველა კამერა მასზე იყო კონცენტრირებული. მე გადავწყვიტე, რომ სიტუაცია უნდა განემუხტა, სხვანაირად კონფერენცია ვერ გაგრძელდებოდა. ჩემი ინტერესი კონფერენციის განახლება იყო. მას შეუძლია, აქ იყოს. არ ვიცოდი, ვინ იყო, შეუძლია დარჩეს. კაცი მიკროფონით განსაკუთრებით უხეში და ნაგავი იყო" - უთხრა კრამერმა ტაბულას.

„თბილისის საერთაშორისო კონფერენცია“ 2015 წელს დაარსდა ორგანიზაციების - „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ. მეხუთე წელია თბილისი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს. 2019 წლის კონფერენცია - Now What? - 9 სექტემბერს გაიხსნა.

მონაწილეთა შორის არიან პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ამერიკელი დიპლომატები, მეთიუ ბრაიზა და ჯონ ტეფტი. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები.

კონფერენციას ესწრებიან საქართველოს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

კომენტარები