მიხაელ შუმახერი

მიხაელ შუმახერი ოპერაციის შემდეგ გონზე მოვიდა

phombo.com

ფორმულა 1-ის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, მიხაელ შუმახერი ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ოპერაციის შემდეგ გონზე მოვიდა.   

გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენი საავადმყოფოში ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, ჟან ტოდმა მოინახულა და მასთან 45 წუთი დარჩა. 

შუმახერს ოპერაცია პარიზში, პომპიდუს ჰოსპიტალში ჩაუტარდა. მისი გაწერა 11 სექტემბერს იგეგმება.  

მრბოლელი შვეიცარიიდან პარიზის ჰოსპიტალში 9 სექტემბერს, გასაიდუმლოებულად გადაიყვანეს. ტრანსპორტირებისას მას უცხო პირებისგან მალავდნენ-მისი საკაცე შეფუთული იყო. 

გასაიდუმლოების მიუხედავად, ჰოსპიტალის თანამშრომელმა Le Parisien-ს უთხრა, რომ ის შუმახერზე ზრუნავს და სპორტსმენი გონზეა.   

მიხაელ შუმახერი 2013 წელს საფრანგეთში თხილამურებით სრიალის დროს დაშავდა. შუმახერმა თავის ტვინი დაიზიანა და რამდენიმე თვე კომაში იყო. შუმახერის წარმომადგენლები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები