საქართველო-NATO

კაპანაძე: როცა NATO-ს ყოფილი გენმდივანი ამ იდეას იმეორებს, გაცილებით მეტი ადამიანი გაიგონებს

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატის სერგი კაპანაძის თქმით, როდესაც NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების იდეას იმეორებს, ამას გაცილებით მეტი ადამიანი გაიგებს. მან TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ მე-5 მუხლის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაუვრცელებლად NATO-ში გაწევრიანების იდეა ახალი არ არის, მაგრამ აქამდე ამას საკმარისი მხარდამჭერი არ ჰყავდა.

"რასმუსენის გაკეთებული ტვიტი ამ თემასთან გაკეთებული შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ამ თემაზე რამდენიმეთვიანი დისკუსია საერთაშორისო ექსპერტების. როდესაც ყოფილი გენმდივანი ამ შეთაზებას იმეორებს, ეს ნიშნავს, რომ გაცილებით მეტი ადამიანი გაიგონებს ამას.

სამწუხარო ის არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ ეს იდეა აეტაცებინა და ეთქვა, რომ ეს მართლაც საინტერესო იდეაა (თან, ისეთი თემაა, რაზე შეიძლება, ოპოზიცია და ხელისუფლება მართლა ერთად იდგნენ და ქვეყნის ინტერესი დაიცვან), ამის ნაცვლად, დაიწყეს რაღაც ურა-პატრიოტული გამოსვლები - "ტერიტორიულ მთლიანობას არ დავთმობთ" და რაღაც სიგიჟე, თითქოს ვინმე ტერიტორიულ მთლიანობას აყენებს ეჭვის ქვეშ" - თქვა კაპანაძემ.

TV პირველის ეთერში "ერთიანი საქართველოს" წევრმა გიგლა ბარამიძემ ჯეიმს აპატურაის 2018 წლის განცხადება გაიხსენა, რომლის მიხედვითაც, "არ არის სასარგებლო და რეალისტური, ვიმსჯელოთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე მეხუთე მუხლის გარეშე ან მისი ნაწილობრივი ამოქმედების შესახებ". ამაზე ევროპული საქართველოს დეპუტატმა სერგი კაპანაძემ განმარტა, რომ აპატურაის განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილია.

"აპატურაიმ მართლაც გააკეთა ეგეთი განცხადება, ოღონდ მან თქვა ასეთი რამ - "მიზანშეწონილი შეიძლება არ იყოს ამ ეტაპზე ამის გაკეთება", აპატურაის არ უთქვამს, რომ ეს არის ცუდი იდეა და არ უნდა გავაკეთოთ, კონტექსტზეა საუბარი, როდის უნდა გაკეთდეს, ვინ უნდა გააკეთოს.

ეს დისკუსია იყო მაშინ, როცა ლუკ კოფის მოხსენება გამოქვეყნდა, და რომელზეც სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების რეაქცია იყო ნეგატიური, როგორ გგონიათ, როცა საქართველოს ხელისუფლება კარგ იდეაზე ნეგატიურ პოზიციას აფიქსირებს, ნატოს მაღალჩინოსანი ადგება, ამ იდეას დაიცავს და ხელისუფლების წაინააღმდეგ წავა? არა, მან ამიტომ თქვა - "ამ იდეას აქვს საფრთხეები" და ეს შეიძლება იყოს ესკალაცია, პროვოკაციები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იდეა არის ცუდი.

მე გეტყვით ერთ მაგალითს, როცა ვეუბნებოდით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ გვინდოდა თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, იცით, მაშინდელი რეაქციები რა იყო? ევროკომისრის ასეთი ფრაზა მახსოვს - თქვენ რომ თავისუფალი ვაჭრობა მოგცეთ, დაახლოებით იგივე იქნება, იარაღი რომ ფეხში ისროლოთ, აი, ამ შედეგს მიიღებთო. მაშინ საუბარი იყო ჩვეულებრივ თავისუფალ ვაჭრობაზე, და მივიღეთ არა ჩვეულებრივი, არამედ, ღრმა და ყოვლისმომცველი ანუ იმაზე ორჯერ და სამჯერ უფრო ღრმა, ვიდრე მაშინ იყო საუბარი.

ანუ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებიდან არ შეიძლება იდეის ავკარგიანობა შეფასება. მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი წინააღმდეგი იყო საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის? ეს ხომ არასწორია. როცა სიტუაცია შეიცვალა, მთავრობა მიაწვა, დაიცვა კარგი იდეა, მერე ეს იდეა ჩვეულებრივად მატერიალიზდა. ეს არის ჩვენი პრობლემა, იდეა კარგია, მაგრამ მხარდაჭერა სჭირდება, ხელისუფლებამ უნდა აიტაცოს ეს იდეა და არ უნდა გამოვეკიდოთ კონტექსტიდან ამოგლეჯილ განცხადებებს და ვიძახოთ, რომ აი, იმან თქვა, ეს არასწორიაო" - თქვა კაპანაძემ TV პირველის ეთერში. 

როგორც NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე 10 სექტემბერს თქვა, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი რომ არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გწევრიანება მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცელებლად. აღსანიშნავია, რომ ეს არ ნიშნავს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალზე უარის თქმას.

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, ალიანსს უკვე აქვს პრეცედენტი, როდესაც გერმანია 1955 წელს ისე გახდა NATO-ს წევრი, რომ მე-5 მუხლი მხოლოდ დასავლეთზე, ხოლო ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, 1991 წლიდან უკვე აღმოსავლეთზეც გავრცელდა:

"ჩვენ გვაქვს პრეცედენტი - გერმანია გაყოფილი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად. გერმანია NATO-ს შეუერთდა 1955 წელს, თუმცა მხოლოდ დასავლეთი - NATO-ს წესები არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. მაგრამ როცა გერმანია კვლავ გაერთიანდა 1991 წელს, NATO-ს წესები აღმოსავლეთზეც გავრცელდა. პრინციპში, მსგავსი მოწყობა შეთანხმება შეიძლება საქართველოს შემთხვევაშიც შედგეს."

რასმუსენის შეფასებით, თუ საქართველო ამ საკითხს დროულად არ მიხედავს, რუსეთს მუდამ ექნება ბერკეტი, რომლითაც შეძლებს მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია შეაფერხოს.

რას გულისხმობს მე-5 მუხლი და მისი დროებითი არგამოყენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ. 

ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა 2018 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა კვლევა "NATO-ს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში". კვლევაში წერია, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს. ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია შესაძლებელია 1949 წლის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესწორებით მოხდეს, რაც გულისხმობს მე-5 მუხლის დროებით არ გავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები