თამარ მეარაყიშვილი

ახალგორელმა ჟურნალისტმა და აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა დაიწყო

თამარ მეარაყიშვილი

მისი თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ყურადღების მისაპყრობად იწყებს. მეარაყიშვილს მათთან შეხვედრა სურს. 

"დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. მხოლოდ წყალს მივიღებ. პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მივმართავ იძულებით - მინდა შემხვდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ხელისუფლების მხრიდან მესამე წელია სრულიად მიტოვებული ვარ. ცოცხალი თითქოს არავის ვაინტერესებ.

ჩემი პროტესტი მხოლოდ ცხინვალს არ ეხება, ეხება თბილისსაც. ჟურნალისტებს გთხოვთ, დაინტერესდეთ, რათა ჩემ შესახებ პროტესტის ადრესატებმა გაიგონ", - დაწერა აქტივისტმა ფეისბუქზე. 

თამარ მეარაყიშვილს​ 2017 წელს თავისუფლება ორჯერ უკანონოდ აღუკვეთეს. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და მკურნალობა არ შეეძლო.

ჟურნალისტი და აქტივისტი 2017 წლის 8 ივნისს, დაკითხვისა თუ დაშინების მიზნით ახალგორიდან ოკუპირებულ ცხინვალში გაიტაცეს. ახალგორის ე.წ. პროკურატურამ ე.წ. ხელისუფლების პარტიის, "ერთიანი ოსეთის" მისამართით ცილისწამების ბრალდებით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამას საფუძვლად დაედო ჟურნალისტის კრიტიკული მოსაზრებები პარტიის "ცალკეული პირების მიმართ". საერთაშორისო მხარეების ჩართულობამ შედეგი გამოიღო და თამარ მეარაყიშვილი საკუთარ სახლში დააბრუნეს.

2018 წლის 4 სექტემბერს ახალგორის ე.წ. სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე დაუსაბუთებლად ცნო და მიიჩნია, რომ არ არსებობდა დანაშაულის არც შემადგენლობა, არც ჩადენის დრო და ადგილი. ე.წ. პროკურატურამ გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, თუმცა თამარ მეარაყიშვილს ორი ახალი ბრალი წარუდგინა - ოფიციალური დოკუმენტის არაკანონიერი მოპოვება და მისი გამოყენება. მათი მტკიცებით, ჟურნალისტმა სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობა მიიღო და საქართველოს მოქალაქეობაც შეინარჩუნა. 

2019 წლის 10 ივლისს ახალგორის ე.წ. სასამართლომ ჟურნალისტი და აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი წარდგენილ ბრალში უდანაშაულოდ ცნო. მას ბრალი ედებოდა პარტია "ერთიანი ოსეთის" მისამართით ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში, ასევე, გაყალბებული დოკუმენტის მეშვეობით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობის უკანონო მოპოვებაში.

თამარ მეარაყიშვილის გატაცების საკითხი ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დროსაც განიხილეს. ჟურნალისტი და აქტივისტი Facebook-ის საკუთარ გვერდსა და "ეხო კავკაზასთან" რესპონდენტის სტატუსით ხშირად წერდა და საუბრობდა რაიონის პრობლემებზე, მათ შორის მარიონეტ ხელმძღვანელ პირთა ქმედებებზე. 

კომენტარები