მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე: ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში

0 კომენტარი
ფოტო: მამუკა ხაზარაძე

TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა წარადგინა. 

პრეზენტაცია ანაკლიაში, ზღვის ნაპპირას გაიმართა. 

მოძრაობას "ლელო" ერქმევა. 

სახელი მან საქართველოს ისტორიის და გალაკტიონ ტაბიძის ლექსის გავლენით შეარჩია: 

"ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო, ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო". 

პრეზენტაციაზე მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ის და მისი მოძრაობა შეეცდება, სხვადასხვა სფეროს 12 ლიდერს შეკრებს. 

"ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. გაერთიანება, უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია, იქნება ლიდერების პარტია. ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის ან ბადრი ჯაფარიძის, ან რომელიმე სახელის პარტია. ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა, მწყობრად აწყობილი, კონკრეტული მიზნით შედეგზე ორიენტირებული. 

მე მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, იმიტომ რომ ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან. ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, ჩვენ თარიღებს დავასახელებთ, ჩვენ კონკრეტულ მიზნებს დავასახელებთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გამოვა მდგომარეობიდან, ან ჩვენ ვიქნებით აი ამ ჭაობში. ეს მენტალური ჭაობია. 

ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია. 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო. 12 კაც ლიდერს სოფელში, 12 ქალს რაიონში, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ერთი კაცის გადასარჩენი არ არის, ეს ქვეყანა თითოეული ჩვენგანის გადასაარჩენია

ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს, მას ამის გაკეთება შეუძლია. 112 წლის წინ, 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა, დღესაც 12 რიცხვია, ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ დღეს დილას ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, 12 ინჟინერს, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. 

მე მინდა, რომ ეს ძებნა დავიწყოთ ყველგან, მიმოვიხედოთ, რომ ეს ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარეშემო არიან, შევკრიბოთ ქვეყნის სამსახურისთვის", - თქვა ხაზარაძემ პრეზენტაციაზე. 

საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებისა და პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ხაზარაძემ თავდაპირველად 9 ივლისს განაცხადა.

Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში ის წერდა, რომ ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს და სახეზეა საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე წყალგამყოფი იყო, როდესაც ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ხაზარაძის თქმით, ეს პროტესტი უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებაა. 

ხაზარაძის ამ გადაწყვეტილებას წინ TBC ბანკის გახმაურებული საქმე უძღოდა. 

14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა. 

თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები