აშშ-ისრაელი

Politico: ვაშინგტონში აღმოჩენილი სათვალთვალო მოწყობილობები სავარაუდოდ ისრაელს ეკუთვნის

ბენიამინ ნეთანიაჰუ და დონალდ ტრამპი
Getty Images

Politico აშშ-ის ყოფილ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაშინგტონში თეთრ სახლთან და სხვა ლოკაციებზე აღმოჩენილი სათვალთვალო მოწყობილობების უკან დიდი ალბათობით ისრაელი იდგა, თუმცა ამას ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ისრაელის მთავრობის მისამართით საყვედური არ მოჰყოლია.

"რეაქცია ძალიან განსხვავდებოდა იმისაგან, რაც ძველ ადმინისტრაციას ექნებოდა." თქვა ერთ-ერთმა წყარომ.

მინიატურული სათვალთვალო მოწყობილობები, ე.წ. StingRay სატელეფონო ზარების შინაარსს, ლოკაციებს და საიდენტიფიკაციო ინფორმაციას იწერს.

სავარაუდოდ, მათი მიზანი პრეზიდენტ ტრამპის ზარები მონიტორიგნი იყო, თუმცა უცნობია წარმატებით დასრულდა თუ არა ეს მცდელობა.

ცნობილია, რომ ტრამპი მკაცრად არ იცავს თეთრი სახლის უსაფრთხოების პროტოკოლს და ზარების განსახორციელებლად არასაკმარისად დაცულ ხაზს იყენებს. 2018 წლის ოქტომბერში The New York Times-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ჩინეთი ტრამპის ზარებს უსმენდა, თუმცა ტრამპმა ეს ინფორმაცია უარყო.

Politico-ს მიხედვით ამ პერიოდში მოსასმენი აპარატების შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისათვის უკვე ცნობილი იყო, თუმცა დაზუსტებული არ იყო მათი წარმომავლობა.

ისრაელის საელჩოს სპიკერმა ინფორმაცია უარყო. ტრამპის ადმინისტრაციაში კომენტარისაგან თავს იკავებენ.

კომენტარები