ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა

კაპანაძე: პოლიტიკური ძალა, რომელიც ივანიშვილთან ბრძოლას აპირებს, ამას ცხადად უნდა ამბობდეს

"ზოგადად მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აპირებს, ებძოლოს ივანიშვილს, თუ ეს არის მათი დეკლარირებული ამოცანა, ამას ამბობდეს ძალიან ცხადად", - ამის შესახებ ტაბულასთან საუბარში ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ, მამუკა ხაზარაძის მიერ შექმნილ საზოგადოებრივი მოძრაობის შეფასებისას აღნიშნა.

კაპანაძის თქმით, ევროპული საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, პროდასავლური პოლიტიკური ძალები ღიად აფიქსირებდნენ პოზიციას, რომ ისინი არ აპირებენ შეუქმნან მთავრობა ბიძინა ივანიშვილს, როგორც ევროპულმა საქართველომ ეს მრავალჯერ გააკეთა, - "ბატონი ხაზარაძე ერთი შეხედვით ჩანს, რომ ასეთი პოლიტიკური ძალაა, ოღონდ ჯერჯერობით ასეთი რამ არ უთქვამს, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი პოზიციის გაგება ამ საკითხზე", - ამბობს კაპანაძე.

ევროპული საქართველოს დეპუტატის შეფასებით, ისინი ყველა იმ ძალასთან აპირებენ პოტენციურად თანამშრომლობას, არჩევნების შემდეგ, რომელიც პროდასავლურებია და არ აპირებს ბიძინა ივანიშვილთან შეკვრას.

"ასეთი პოლიტიკური ძალა იქნება თუ არა უნდა დააფიქსიროს [ხაზარაძემ] და უნდა იყოს ცალსახა, ჯერ ეს ა გაუკეთებია" - ამბობს სერგი კაპანაძე.

დღეს, 12 სექტემბერს, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებისა და პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ხაზარაძემ თავდაპირველად 9 ივლისს განაცხადა.

Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში ის წერდა, რომ ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს და სახეზეა საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე წყალგამყოფი იყო, როდესაც ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ხაზარაძის თქმით, ეს პროტესტი უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებაა. 

ხაზარაძის ამ გადაწყვეტილებას წინ TBC ბანკის გახმაურებული საქმე უძღოდა. 

14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა. 

თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. 

კომენტარები