ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა

გოცირიძე: სააკაშვილმა ხაზარაძეზე თქვა ის, რაც ყველამ, უბრალოდ უხეში ფორმით

ტაბულა

"მიხეილ სააკაშვილმა თქვა ის, რაც ყველამ თქვა ხაზარაძეზე, უბრალოდ უხეში ფორმით, იმის გამო, რომ მამუკა ხაზარაძემ არ გამორიცხა ივანიშვილთან თანამშრომლობა", - ასე აფასებს ტაბულასთნ საუბარში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე მიხეილ სააკაშვილის კომენტარს მამუკა ხაზარაძეზე, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ "ერთი მევახშე ივანიშვილი არ გვეყო, რომ ახლა კიდევ ვიღაც უფრო წვრილი მევახშეები დაემატოს ერთი მევახშის ბატონობის მერვე წლისთავს."

გოცირიძის შეფასებით, მამუკა ხაზარაძის მიმართ კრიტიკა გამოიწვია მისმა განცხადებამ, რომ იგი არავისთან თანამშრომლობას არ აპირებს და ასევე იმან, რომ იგი არ გაემიჯნა ბიძინა ივანიშვილს. გოცირიძის თქმით, ეს მამუკა ხაზარაძის მხრიდან დაშვებული შეცდომაა და ფაქტობრივად მან, თეორიულად, ივანიშვილთან თანამშრომლობა დაუშვა, რადგან მკვეთრი პოზიცია არ დააფიქსირა.

"მისი ასეთი პოზიცია, როდესაც მან განაცხადა, რომ არავისთან ითანამშრომლებს და პლუს ივანიშვილთან მიმართებით, ფაქტობრივად გამოდის, რომ თეორიულად დაუშვა თანამშრომლობა, ვინაიდან არ თქვა მკვეთრად, გამოიწვია კრიტიკა. ის უნდა მომზადებულიყო ამ კითხვისთვის და შეეძლო უფრო ნათელი პასუხის გაცემა. ვინაიდან კრიტიკა წამოვიდა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ეს კრიტიკა ზოგის მხრიდან გამოხატული იყო რბილად, ზოგის მხრიდან მკაცრად. სწორედ მკაცრი კრიტიკის სახეობა იყო მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება. მამუკა ხაზარაძეს აკრიტიკებენ, რომ მან არ დააფიქსირა მკვეთრი პოზიცია ივანიშვილთან მიმართებით. მიხეილ სააკაშვილს არ გაუჭირდებოდა ხაზარაძის მიმართ რამდენიმე თბილი სიტყვის თქვა, მას მკვეთრად რომ გამოეხატა პოზიცია ივანიშვილის მიმართ, სწორედ ამის გამო იყო მისი, ასე რომ ვთქვათ, უხეში შეფასება", - ამბობს გოცირიძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, ყველა ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას საფუძველს შეურყევს, არის პოზიტიური და იმედია, რომ მამუკა ხაზარაძის პარტია იმ "წითელი ხაზის მიღმა" დადგება, რომელიც ფაქტობრივად უკვე გაატარა საქართველოს ყველა ჯანსაღმა პოლიტიკურმა ძალამ, - "ანუ, ყველა ივანიშვილის წინააღმდეგ."

დღეს, 12 სექტემბერს, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებისა და პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ხაზარაძემ თავდაპირველად 9 ივლისს განაცხადა.

Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში ის წერდა, რომ ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს და სახეზეა საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე წყალგამყოფი იყო, როდესაც ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ხაზარაძის თქმით, ეს პროტესტი უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებაა. 

ხაზარაძის ამ გადაწყვეტილებას წინ TBC ბანკის გახმაურებული საქმე უძღოდა. 

14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა. 

თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. 

კომენტარები