ინვესტიციები საქართველოში

რატომ შემცირდა ინვესტიციები დრამატულად და რას უნდა ველოდოთ 2020 წელს

აკა ზარქუა
0 კომენტარი

9 სექტემბერს საქსტატმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2019 წლის მეორე კვარტლის სტატისტიკა გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა ბოლო ათწლეულის მინუმუმზეა. მეორე კვარტალში საქართველოში სულ 187 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53%-ით ნაკლებია.

საქსტატი შემცირების მთავარ მიზეზებს შორის, მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას, არარეზიდენტი ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირებასა და რეინვესტიციის მოცულობის შემცირებას ასახელებს.

წლის მეორე კვარტალში ამაზე ცოტა, საქართველომ მხოლოდ 2009 წელს მოიზიდა. 2009 წელს საქართველოში ინვესტირების შემცირების როგორც საშინაო ასევე, საერთაშორისო ფაქტორები არსებობდა. 10 წლის წინ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისში იყო ჩაფლული, ამასთანავე საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისგან ერთი წელიც არ იყო გასული.

ახლა მსგავსი დრამატული ვარდნის არც გლობალური და არც ლოკალური, სპეციფიკური ფაქტორი არ არსებობს. ამრიგად, ინვესტირების შემცირების უმთავრესი მიზეზი ქვეყნის ეკონომიკური მიმზიდველობის ვარდნაა. უნდა ითქვას, რომ ინვესტირება შემცირდა ეკონომიკის იმ სექტორებში, რომელიც ტრადიციულად ყველაზე მეტ თანხებს იზიდავდა.

2017 წელს, მთელი ინვესტიციების 76% ენერგეტიკის, უძრავი ქონების, საფინანსო, მშენებლობის, ტრანპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორებში განხორციელდა. მაშინ ამ ხუთმა წამყვანმა სექტორმა 1,5 მილიარდი დოლარი მოიზიდა. 

2019 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებლებით თითოეული სექტორში კლება შემდეგნაირად გამოიყურება:

მშენებლობა — $4,2 მილიონი, კლება — 37%;

ტრანსპორტი-კავშირგაბმულობა — $19,8 მილიონი, კლება 73%;

უძრავი ქონება — $22,8 მილიონი, კლება — 63%;

ენერგეტიკა — $63,7 მილიონი, კლება — 37%.

საფინანსო სექტორი — კლება 33 მილიონი დოლარია.

ინვესტიციების შემცირების სავარაუდო მიზეზები 

სფეროებში ინვესტირების შემცირება 2018 წლიდან დაიწყო. წინა წელს წამყვან ხუთ სექტორში ინვესტიციები 856 მილიონ დოლარამდე შემცირდა, თუმცა, საკმაოდ მაღალი დარჩა სექტორების წილი და 71%-ით განისაზღვრა.

საფინანსო სექტორი

წლების განმავლობაში საფინანსო და მშენებლობის სექტორები საქართველოს ეკონომიკის წამყვანი სფეროები იყო. ეს სექტორები გამოირჩეოდნენ როგორც ინვესტიციების რაოდენობით, ასევე საშუალო დასაქმებით და ხელფასების სიდიდითაც.

ბოლო წლებში მთავრობის მხრიდან დაწესებული ახალი რეგულაციები ამ სფეროებში ინვესტირების შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ამასვე ადასტურებს TBC RESEARCH-ის კვლევაც. ორგანიზაციის ინფორმაციით, საფინანსო სექტორში ინვესტიციების კლების მთავარი მიზეზი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედება და საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ჭერის დადგენა გახდა. 

მიღებული რეგულაციებით, სესხის გამცემ ორგანიზაციებს მომხმარებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე სესხის გაცემა აეკრძალა. გართულდა თვითდასაქმებული პირების დაკრედიტება. დაწესდა სესხების კოეფიციენტთა ახალი სისტემა და ყოველთვიური შემოსავლიდან სესხის მომსახურების მაქსიმუმი.

საფინანსო სექტორში ინვესტიციების კლება ძირითადად არასაბანკო ორგანიზაციებს უკავშირდება. კლების მთავარი მიზეზი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზრის რეგულაციებია. პასუხისმგებლიანი დაკრედიტებისა და მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის დაწესებამ, უმთავრესად, ესეთ ორგანიზაციებს დაარტყა.

მიკროსაფინანსოების მიერ გაცემული სესხების დიდი ნაწილი იმ ფიზიკურ პირებზე გაიცემოდა, რომლებიც შედარებით მაღალი რისკის კატეგორიაში გადიოდნენ. რისკის დასაბალანსებლად, ესეთი ორგანიზაციები მაღალ საპროცენტო განაკვეთს აწესებდნენ. მიღებული რეგულაციებით, რისკის კატეგორიაში გამავალ პირებზე სესხის გაცემა თითქმის შეუძლებელია და რომც შეიძლებოდეს საპროცენტო განაკვეთის რეგულირებამ რისკის დაბალანსების საშუალება მოსპო.

შედეგად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში 19 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია მოხდა, ხოლო დარჩენილი ორგანიზაციები მოგების ნაცვლად ზარალზე მუშაობენ. მიმდინარე წელს ამ ორგანიზაციების ზარალი 79 მილიონი ლარია.

ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე საქართველოს ეკონომიკის ამ სფეროებში ინვესტირება მიმზიდველი ნამდვილად აღარ არის. თავის მხრივ, სესხების გართულებულმა გაცემამ გავლენა იქონია ეკონომიკის ისეთ სექტორებზე როგორიცაა მშენებლობა და უძრავი ქონება.

მშენებლობა და უძრავი ქონება

TBC RESEARCH-ის მონაცემებით, ბოლო ოთხ ფინანსურ კვარტალში საქართველოს საფინანსო სექტორში ინვესტირება 283 მილიონით შემცირდა. რაც შეეხება მშენებლობის სექტორს აქ დანაკარგი 220 მილიონი დოლარია. 

ახალი სამშენებლო და საბანკო რეგულაციებიდან მალევე, 2019 წლის პირველი კვარტალში, სამშენებლო სექტორი ყველა ძირითადი პარამეტრით შემცირდა, მათ შორის დასაქმებულთა რაოდენობა და სექტორის ბრუნვაც. მეორე კვარტალში სექტორმა შემცირება შეწყვიტა და მცირედით გაიზარდა კიდეც. მაგალითისთვის, 2019 წლის მეორე კვარტალში, თბილისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25 ბინით მეტი გაიყიდა. წლის პირველ კვარტალთან შედარებით 101 ადამიანით გაიზარდა სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც. 

2017-2018 წლებში სექტორი საშუალოდ, 22 პროცენტით იზრდებოდა, სულ 2014-2017 წლებში სექტორი 57%-ით გაიზარდა, წელს ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ ბევრად ნაკლები იქნება. 2019 წლის პირველ ნახევარში სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ჯამურად 4 ათასი ადამიანით არის შემცირებული.

სამშენებლო სექტორისა და განსაკუთრებით უძრავ ქონებაში ინვესტიციების შემცირების ტენდენცია დაადასტურა TBC CAPITAL-ის კვლევამაც. კვლევის მიხედვით, 2019 წლის პირველ ნახევარში არარეზიდენტი პირების მიერ შეძენილი ქონების წილი, ჯამურად გაყიდულ უძრავ ქონებაში 13%-დან 8%-მდე შემცირდა. ამ კლების მთავარ მიზეზად, ირანიდან მოთხოვნის შემცირება სახელდება. 

მხოლოდ ირანიდან საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ინტერესის კლების გამო, მხოლოდ თბილისში სამშენებლო სექტორმა დაახლოებით 80 მილიონ დოლარით იზარალა.

ამ ინტერესის კლება მხოლოდ უძრავი ქონების სექტორზე არ ასახულა. 2019 წლის ივლისში რეკორდულად შემცირდა ირანელი ტურისტების რაოდენობაც. წინა წლის ივლისთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს 21 ათასით ნაკლები ირანელი ესტუმრა. მანამდე მზარდი ინტერესის შემცირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, ირანის ელჩი საქართველოში საზღვრებიდან ირანის მოქალაქეების გაბრუნების გახშირებულ შემთხვევებს ასახელებს.

სულ მიმდინარე წელს, საქართველოს საზღვრებიდან 13,165 ადამიანი გააბრუნეს, აქედან 5,656 (42%) კი სწორედ, ირანის მოქალაქეა.

დიდი პროექები 

ინვესტიციების კლებაზე საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საინვესტიციო პორტფელს ანაკლიის პორტის პროექტზე გათვალისწინებული თანხები დააკლდა. მართლაც, მიმდინარე წელს ამ პროექტისთვის გათვალისწინებული 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ქვეყანაში ჯერჯერობით არ შემოსულა. პროექტის აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, განაცხადა, რომ გიორგი გახარიას პრემიერობის პირობებში ამ პროექტის დასრულება რთულად წარმოუდგენია. 

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელებაში დადებითი როლი არ უთამაშია საქართველოს გენერალურ პროკურატურას, როდესაც თიბისი ბანკის დამფუძნებლებს 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე ფულის გათეთრების ბრალი წარუდგინა. სისხლის სამართლებრივი დევნის ფონზე, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ დატოვეს თანამდებობი როგორც თიბისი ბანკში, ასევე ანაკლიის კონსორციუმში. მოგვიანებით, კონსორციუმიდან გენერალური ინვესტორი, ამერიკული კონტი ჯგუფი გავიდა.

ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ აღძრულ საქმეს, მხოლოდ ანაკლიის პროექტზე არ ქონია გავლენა. ბრალის წარდგენიდან ორ დღეში ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული კომპანიების საბაზრო ღირებულება ჯამურად 200 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 700 მილიონს აღემატებოდა. ამ მოვლენებიდან 5 დღეში ლარმა გაუფასურების ახალი ანტირეკორდი დაამყარა. 

10 სექტემბერს გამოქვეყნებულ კვლევაში TBC RESEARCH-ი 2019 წელს ინვესტიციების 30%-იან კლებას ვარაუდობს. თუ კი ეს პროგნოზი გამართლდება საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაახლოებით, 840 მილიონი დოლარის ნიშნულზე შეჩერდება, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

სავარაუდოა, რომ ინვესტიციების მოზიდვა კიდევ უფრო გაჭირდება 2020 წელს. მომავალ წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, ეს კი ჩვენი კატეგორიის ქვეყნისთვის, ინვესტირების შემაფერხებელია. ინვესტიციები საქართველოში 2012 და 2016 წელსაც შემცირდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები