მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძის პასუხი მიხეილ სააკაშვილს

ტვ. პირველი

ტვ პირველზე, გადაცემა რეაქციაში სტუმრობისას TBC ბანკისა და საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. ხაზარაძე ექსპრეზიდენტს მოუწოდებს, შეეშვას მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას:

"მე ძალიან გულწრფელად მინდა ვუთხრა, რომ პირველ რიგში, მან ტონი და სიტყვათა წყობა შეცვალოს. მე მესმის პოლიტიკა, მე მესმის კონკურენცია, მაგრამ სიტყვათა წყობა და შეურაცხყოფა შეცვალოს, პირველი."

ამის შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ სააკაშვილი მართლმსაჯულებისგან გაქცევაში დაადანაშაულა და საქართველოს მოქალაქეობის დათმობის გამო გააკრიტიკა:

"მეორე - ადამიანს, რომელსაც ქვეყანა ირჩევს პრეზიდენტად და ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას და იცვლის პასპორტს, ის ჩემთვის დამთავრებული ამბავია. ამას მთელი სერიოზულობით გეუბნებით. მე ამ ქვეყნიდან 15 წლის წინათაც შემეძლო წასვლა და მაგან რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჩემს წინააღმდეგ, მაგ დროსაც შემეძლო ქვეყნიდან წასვლა. არ წავსულვარ, არ პასპორტი გამომიცვლია და არც ბიზნესი გადამიტანია სხვაგან. თუმცა მე, როგორც ბიზნესმენს, შემეძლო ამის გაკეთება."

"ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს. ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებს, შეინახოს თავისთვის." - თქვა ხაზარაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს პრეზენტაციიდან მალევე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა. სააკაშვილის თქმით, "საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას მევახშეების და კრიალოსნიანი ბიჭების მმართველობის გარეშე."

"ერთი მევახშე ივანიშვილი არ გვეყო, რომ ახლა კიდევ ვიღაც უფრო წვრილი მევახშეები დაემატოს ერთი მევახშის ბატონობის მერვე წლისთავზე? მართლა სულელები ხომ არ გგონიათ ქართველები და მართლა ხომ არ გგონიათ, რომ ყველაფერს მოითმენენ?" - ამბობდა საქართველოს ექსპრეზიდენტი.

კომენტარები