ახალ ზელანდიაში მეხანძრეებმა 11 სექტემბერს დაღუპული კოლეგებისთვის ჰაკა შეასრულეს [Video]

ახალ ზელანდიაში მეხანძრეებმა 2001 წლის 11 სექტემბერს დაღუპული კოლეგებისთვის ჰაკა შეასრულეს. 

CNN-ის ინფორმაციით, ახალ ზელანდიაში აშშ-ის ელჩმა, სკოტ ბრაუნმა ამის შესახებ Twitter-ზე ვიდეო გაავრცელა და დაწერა, რომ მეხანძრეებმა პატივი პირველადი დახმარების ბრიგადებს მიაგეს, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ.

ჰაკას შემდეგ, 200-ზე მეტი მეხანძრე 328 მეტრის სიმაღლის სქაი თაუერზე, ტერაქტის შედეგად დაღუპული 343 მეხანძრის ხსოვნის პატივსაცემად ავიდა.

11 სექტემბერს, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტერორისტული აქტიდან 18 წელი გავიდა. 

2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტული დაჯგუფების ალ-ქაიდას 19 წევრმა აშშ-ში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა.

ადგილობრივი დროით 08:46-ზე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის (ე.წ ტყუპები) ჩრდილოეთ შენობას ნიუ-იორკში პირველი თვითმფრინავი დაეჯახა. 09:03-ზე კი, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთ შენობას - მეორე სამგზავრო თვითმფრინავი.

09:37-ზე, მესამე გატაცებული თვითმფრინავი პენტაგონს, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს შენობას დაეჯახა. ხოლო 10:03-ზე, მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი შენკსვილში, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. 

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა 3 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის 343 მეხანძრე, 23 პოლიციელი და 37 სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი იყო. ტერორისტული აქტი აშშ-ს ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური ტერაქტი ამერიკის მიწაზე.

 

კომენტარები