არჩევნები 2020

ბოკერია: მკაფიოდ უნდა ვთქვათ - ოცნება და პრორუსული ძალები გამორიცხულია ჩვენთან კოალიციაში

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში, საჭიროა, ყველა პროდასავლურმა ძალამ მკაფიოდ განაცხადოს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან და პროპუტინურ ძალებთან კოალიციაში არ შევა. ბოკერიამ შეფასებით, თუ პოლიტიკური ძალები ამას მკაფიოდ არ იტყვიან და რამე გაურკვევლობას დატოვებენ, ნიშნავს, რომ ისინი უშვებენ ქვეყნის გადაჩეხვას პოლიტიკურ უფსკრულში. 12 სექტემბრის ბრიფინგზე ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა პროდასავლურ ოპოზიციას მოუწოდეს, თქვან, რომ ქართულ ოცნებას მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ.

"დემოკრატიის პირობებში, ნორმალურ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ყველა პარტიას აქვს უფლება, რომ თქვას  - "ვნახოთ, როგორი იქნება შემოთავაზება, ვისთან შევქმნით კოალიციას", მაგრამ, ჩვენ, რბილად რომ ვთქვათ, არ ვართ ნორმალურ მდგომარეობაში. ჩვენ გვაქვს ეროვნული ამოცანა ამ კაცის, ივანიშვილის და მისი რეჟიმის ხელისუფლება მშვიდობიანად დავასრულოთ არჩევნების გზით, ჩვენ გვაქვს ეროვნული ამოცანა, რომ არ დავუშვათ ქვეყნის გადახვევა იმ კურსიდან, რომელიც საუკუნეების წინ იქნა არჩეული და რომელსაც აქვს ძირები ჩვენს ღრმა ისტორიულ ეროვნულ არჩევანში, რის გარეშეც შეუძლებელია საქართველოს თავისუფალ, ღირსეულ ქვეყნად ჩამოყალიბება. ეს არის არჩევანი, ვიყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი, რასაც პროდასავლური ორიენტაცია ჰქვია. ამიტომ, ვერ გამოვა გაურკვევლობის დატოვება თუ პოლიტიკურ ძალას სურს იყოს მკაფიო ამომრჩევლის წინაშე, რომ მას სურს, საქართველო იყოს თავისუფალი ქვეყანა" - ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველოს დეპუტატის თქმით, როცა საუბრობენ ქართულ ოცნებაზე, გულისხმობენ ყველა იმ ძალას, რომლებიც მათთან არიან.

"ეს არის პროპუტინური ძალები [პატრიოტთა ალიანსი], რომელთა დეკლარირებული თანამშრომლობა კიდევ უფრო ახალ საფეხურზე ავიდა ამ დღეებში. უნდა გვესმოდეს, ვინც ამას არ ამბობს დღეს და მკაფიოდ არ ეუბნება ამომრჩეველს, რომ ეს გამორიცხულია, პრაქტიკულად, გამოვა, რომ უშვებს იმას, რომ ქვეყანა ქართულ ოცნებასთან, პატრიოტთა ალიანსთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად გადაიჩეხოს პოლიტიკურ უფსკრულში და ეს ისტორიული არჩევანი იყოს უარყოფილი. ამიტომ ვთვლით საჭიროდ ამის დაფიქსირებას დღეს, იმ ძალების მხრიდან, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დემოკრატიულობაზე და საქართველოს ადგილზე თავისუფალ სამყაროში აქვს განაცხადი გაკეთებული, როგორც მათ მრწამსზე.

საჭიროა მკაფიო პასუხი ამ კონკრეტულ საკითხზე - საუბარი ყველაფერ სხვაზე, ვის ვინ არ მოსწონს ან ფინდამენტურად არ ეთანხმება, ნორმალურია, მაგრამ ახლა მინიმალური პირობაა, რომ ვთქვათ - ქართული ოცნება და პრორუსული ძალები გამორიცხულია ჩვენთან კოალიციაში. ამის მერე შეიძლება იყოს სხვა, ძალიან მწვავე განსხვავებები, ოღონდ ეს მოდის მას შემდეგ, რაც ჩვენს ეროვნულ ამოცანას გადავჭრით" - ამბობს ბოკერია.

კომენტარები