ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი

ციხელაშვილი ზახაროვაზე: საუბარი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დემოკრატია შედგა, არ შეიძლება

epn.ge

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სერიოზული საუბარი ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობასა და დემოკრატიულობაზე არ შეიძლება. ციხელაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას კომენტარს გამოეხმაურა.

"ეს განცხადება არ ყოფილა უჩვეულო და, პრინციპში, სტილიც დაცული გახლავთ. სერიოზული საუბარი რაიმე დამოუკიდებლობაზე და იმაზე, რომ დემოკრატია შედგა, არც შეიძლება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა მძიმეა. მათი დამოუკიდებლობის ხარისხი სწორედ რუსეთზე, იმ ძალაზე, რომელიც იქ ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ძალიან მაღალია,"-თქვა ქეთევან ციხელაშვილმა.   

ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ მარია ზახაროვას მოწოდება, ვითარებაში გარკვევის მსურველები თავად ჩავიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცინიკურია. 

"ამ პირობებში, როდესაც ორივე რეგიონი ფაქტობრივად ალყაშემორტყმულია მავთულხლართებით, ახლაც, სრულად შეზღუდულია გადაადგილება ცხინვალის  მიმართულებით და ოჯახები გაყოფილია, მოწოდებები რომ იქ ჩავიდნენ და ვითარება საკუთარი თვალით ნახონ, ცინიკურია. თუ საუბარი ჩასვლაზეა, იქ ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების ის საერთაშორისო მექანიზმები უნდა ჩაუშვან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ აქვთ წვდომა,"-თქვა მან. 

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი "დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფოებია", ამის დასტურად კი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები მოიყვანა. მისივე თქმით, ვითარებაში გარკვევის მსურველები თავად უნდა ჩავიდნენ და ესაუბრონ ადამიანებს, ვინც იქ ცხოვრობს და მუშაობს.  

ზახაროვამ თქვა, რომ ამერიკელი პარტნიორები რუსეთს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ადანაშაულებენ და იმის ნაცვლად, რომ მშვიდობას შეუწყონ ხელი, რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევენ.  

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო, ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მოქმედ ე.წ პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას 9 კონკურენტი ჰყავდა, თუმცა არჩევნებში კვლავ მან გაიმარჯვა. არსებული ინფორმაციით, სეპარატისტულ არჩევნებში 116 000 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. გახსნილი იყო 150 საარჩევნო უბანი.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ე.წ არჩევნები იყო "მორიგი უკანონო ქმედება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული".  

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბულგარეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ირლანდიამ, კანადამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, რუმინეთმა, შვედეთმა, უკრაინამ, ფინეთმა, ჩეხეთმა - ჯამში 15-მა სახელმწიფომ, ერთობლივი განცხადებით დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები. 

ოკუპირებული აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონთან ერთად, რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 26 აგვისტოს, დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა მსოფლიოს სულ რამდენიმე ქვეყანას აქვს აღიარებული. ამ რეგიონებს, რომლებიც მთლიანობაში საქართველოს ტერიტორიის 20%-ს შეადგენენ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული მთავრობები მართავენ.

კომენტარები