აშშ

ტეხასში აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების მესამე დებატები გაიმართა

0 კომენტარი
კორი ბუკერი, პიტ ბუტიჯეჯი, ბერნი სანდერსი, ჯო ბაიდენი, ელიზაბეტ უორენი და კამალა ჰარისი ფოტო: Vox

ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების მესამე დებატები გაიმართა.

დებატებში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ათი კანდიდატი მონაწილეობდა. მათ შორის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი, კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი, მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი, ნიუ ჯერსის სენატორი კორი ბუკერი, მინესოტას სენატორი ემი კლობიშერი, ინდიანას შტატის ქალაქ საუს ბენდის მერი პიტ ბუტიჯეჯი, ტეხასის ყოფილი კონგრესმენი ბეტო ო'რურკი, ობამას ადმინისტრაციის პერიოდში ურბანული განვითარების მდივანი ხულიან კასტრო და ბიზნესმენი ენდრიუ იენგი.

ჯო ბაიდენს, ელიზაბეტ უორენსა და ბერნი სანდერსს შორის დებატები ძირითადად ჯანდაცვის თემაზე გაიმართა. სანდერსი და უორენი ამომრჩეველს არსებული სადაზღვეო სისტემის გაფართოებას ჰპირდებიან, რათა მან ამერიკის ყველა მოქალაქე მოიცვას, ბაიდენს კი მიაჩნია, რომ რეფორმის ფარგლებში ამერიკელებს უნდა დარჩეთ არჩევანი სახელმწიფო და კერძო დაზღვევას შორის. ბაიდენის აზრით სანდერის გეგმა ზედმეტად ძვირი ჯდება და ვერ იმუშავებს, შესაბამისად ამის ნაცვლად ობამას მიერ შემოღებული გეგმის გაფართოებაზე უნდა იმუშაონ.

ასევე განიხილეს პრეზიდენტ ობამას პოლიტიკური მემკვიდრეობა იმიგრაციის, კლიმატის ცვლილების და იარაღის კონტროლის საკითხებზე.

ბეტო ო'რურკმა პირობა დადო, რომ იარაღზე კონტროლს გაამკაცრებს. მას სურს, რომ სახელმწიფომ ამერიკელების კერძო საკუთრებაში არსებული ავტომატური და ნახევრად ავტომატური იარაღი შეისყიდოს:

"დიახ, ჩვენ წავიღებთ თქვენს AR-15-ს და AK-47-ს." თქვა მან.

კამალა ჰარისმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დებატებში გამოიწვია. ტრამპი სხვა კანდიდატებმაც გააკრიტიკეს და რასიზმში დაადანაშაულეს.

ბიზნესმენმა ენდრიუ იენგმა კი თქვა, რომ უპრეცედენტო ინიციატივას იწყებს, რომლის მიხედვითაც 10 ამერიკულ ოჯახს თვეში 1,000 დოლარს მისცემს, თუ ისინი წარმოადგენენ გეგმას, როგორ მოუგვარებს ეს თანხა არსებულ პრობლემებს.

დებატებისას ბაიდენს სიტყვა აქტივისტებმა გააწყვეტინეს, რომლებიც დარბაზში იმიგრაციის კანონებს აპროტესტებდნენ.

დებატებში მონაწილე კანდიდატების გარდა დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტის პოსტისთვის კენჭს კიდევ 10 კანდიდატი იყრის. კიდე 4 კანდიდატი წინასაარჩევნო უკვე კამპანიას გამოეთიშა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დებატების ყურებას პირდაპირ ეთერში არ აპირებდა, თუმცა ჩანაწერს ნახავდა. მისი თქმით ბაიდენს დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოპოვების ყველაზე მეტი შანსი აქვს, თუ "დიდ შეცდომებს" არ დაუშვებს.

უკანასკნელი გამოკითხვებით დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს შორის კვლავ ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლიდერობს. მას სენატორი ელიზაბეტ უორენი და ბერნი სანდერი მოჰყვებიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები