სამოგზაურო დაზღვევა

ომბუდსმენი: დისკრიმინაციაა, რომ ხანდაზმულ ადამიანებს სამოგზაურო დაზღვევაზე უარს ეუბნებიან

საქართველოს სახალხო დამცველმა სადაზღვევო კომპანია "არდის" წინააღმდეგ ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. კომპანიამ 1943 წელს დაბადებულ ს. ხ.-ს და 1937 წელს დაბადებულ ა. გ.-ს  სამოგზაურო დაზღვევაზე უარი უთხრა.

კომპანიის განმარტებით, შიდა პოლიტიკის თანახმად, მომსახურების გაწევაზე ერთმნიშვნელოვნად უარის თქმის საფუძვლად 70 წელი განისაზღვრება, რაც, განმცხადებლებთან მიმართებითაც გამოიყენეს ისე, რომ მათი ინდივიდუალური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეუფასებიათ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ ზღვრული ასაკის განსაზღვრა, "რომლის მიღმაც პირს სამოგზაურო დაზღვევაზე შაბლონურად ეუბნებიან უარს", გაუმართლებელია. 

"სადაზღვევო კომპანიების მსგავსმა ბლანკეტურმა მიდგომამ, შესაძლოა, მიუწვდომელი გახადოს ხანდაზმული ადამიანებისთვის სამოგზაურო დაზღვევა, რაც, თავის მხრივ, მიმოსვლის თავისუფლების უფლებაში ჩარევასაც გულისხმობს" - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

სახალხო დამცველმა სადაზღვევო კომპანია "არდის“ მიმართა რეკომენდაციით, შეზღუდვები დეტალურად ასახოს შიდა დოკუმენტებში. ასევე, არ დაადგინოს ასაკი, როგორც მომსახურების გაწევაზე ერთმნიშვნელოვნად უარის თქმის საფუძველი და მომსახურების გაწევაზე უარი ინდივიდუალურად, წერილობით დაასაბუთოს.

კომენტარები