ხაზარაძის და ივანიშვილის შეხვედრა

ქანთარია: ის, რომ ივანიშვილმა ორ ბიზნესმენს მისვლა სთხოვა, არ მგონია დანაშაული

0 კომენტარი
ფოტო: მეორე არხი

ქართული ოცნების დეპუტატს ნუკრი ქანთარიას არ ჰგონია დანაშაული თუ ბიძინა ივანიშვილმა ორი ბიზნესმენი "დასაზავებლად" დაიბარა. მისი აზრით, შესაძლოა, მთავარი პროკურორი შეხვედრას, "როგორც პიროვნება", ისე ესწრებოდა.

"მე არ ვიცი, გენერალური პროკურორი რა სტატუსით იყო იქ, როგორც პიროვნება... თუ იყო საერთოდ. ძალიან ძნელია აქ მარჩიელობა, მაგრა, ის, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა მისულიყო ორი ბიზნესმენი, მე არ მგონია, რომ ამაში რაიმე დანაშაულის ნიშნები ვეძებოთ" - თქვა ქანთარიამ დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში და გადაცემის წამყვანს ასეთი შედარება მოუყვანა - "ახლა, თქვენ და ვახო სანაიას რომ მოგივიდეთ გარკვეული კამათი ან პირიქით, ინგას და ვახოს რომ მოუვიდეთ და თქვენ რომ სახლში ორივე მიიწვიოთ და უთხრათ - "კარგით ახლა, ერთერთმა დათმეთ".

ამაზე დიანა ტრაპაიძემ უთხრა, რომ ასეთ შეხვედრას მთავარ პროკურორის არ დაასწრებდნენ.

"თქვენი ნათესავი რომ იყოს ვინმე მოსამართლე და რომ სთხოვოთ დაესწროს, როგორც იურისტი, რომ გვითხარი - "ვართ მართლები, არა ვართ მართლები", როგორც პიროვნება და არა როგორც ინსტიტუტის წარმომადგენელი" - ამბობს დეპუტატი.

ნუკრი ქანთარიას თქმით, მამუკა ხაზარაძის განცხადებებიდანაც ჩანს, რომ ის და ვანო ჩხარტიშვილი ამ შეხვედრაზე "დაზავდნენ, მორიგდნენ ყოველგვარი პრესის და ჟივილ-ხივილის გარეშე".

"თუ არ უნდოდა, დაეტოვებინა შეხვედრა ბატონ მამუკას და ეთქვა - რა გარჩევებს მთავაზობთ, რა კოზანოსტრაა. გამოსულიყო და საზოგადოებისთვის ეთქვა - აი, ასეთი ამბები ხდება ამ საშინელ ბუდეში. ვიფიქრებდით, რომ კი ბატონო, ეს კაცი ამ მრწამსითაა. ახლა იქ გაჩუმდა, აქ გაჩუმდა, იქ გაჩუმდა, აქ გაჩუმდა, ამ წელს გაჩუმდა, იმ წელს გაჩუმდა, ყველა უსამართლობაზე გაჩუმდა და ახლა იწყება ეს ამბავი"? - კითხულობს ქანთარაძე და ამბობს, რომ ჯობს, "ჭორაობისკენ და ინტერპრეტაციისკენ" არ წავიდეს ის, ვინც პოლიტიკაში შემოდის.

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მისი, ბიძინა ივანიშვილის და და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრის დეტალები 12 სექტემბრის "რეაქციაში" გაიხსენა. მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელსაცვ მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა, ბიძინა ივანიშვილი საქმეს არჩევდა. ხაზარაძე ამბობს, რომ ივანიშვილს უნდოდა, ხაზარაძეს ჩხარტიშვილისათვის ფული გადაეხადა. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა, - "ერთადაც დამიჯენია ისინი და ჩხარტიშვილმა 100:0 მოუგო მათ, იჯდა ხაზარაძე და ჯაფარიძე," - თქვა ივანიშვილმა ერთერთ ინტერვიუში, სადაც ჩხარტიშვილისა და თიბისის დავის შესახებ საუბრობდა. 

ამავე ინტერვიუში საუბრობს ივანიშვილი იმის შესახებაც, რომ მას მამუკა ხაზარაძეს "ნორმალური მადლობაც არ უთქვამს."

"გარწმუნებთ, რომ ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია სხვა ბიზნესმენებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად დაიხია უკან, რისთვისაც მე მადლიერებას აქვე გამოვხატავ. აგერ TBC ბანკი, ნორმალური მადლობაც არ უთქვია ხაზარაძეს... 30 მილიონი და სასამართლო ეხლა, ძალიან რთული სისტემაა, არ იფიქროთ და არავის ჰქონდეს იმის განცდა, რომ როგორც ხატავენ, რომ ივანიშვილი იქ დარეკავს და გადააადგილებს, არა, მე რაც მოვახერხე, ეს მქუხარე საქმეები აქეთ გამოვწიე," - ჰყვება ივანიშვილი 2018 წლის 26 ოქტომბერს, ტელევიზიებთან შეხვედრისას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები