ნიკა მელია

ნიკა მელია მთავარ პროკურატურაში მივიდა

მაესტრო

მთავარ საგამოძიებო უწყებაში ის ენმ-ის სხვა წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად გამოცხადდა. 

"არ არსებობს, მოქმედ დეპუტატს რომელიმე ქვეყანაში აქვს ტელევიზიაში მისვლის შეზღუდვა? ტელეკომპანია კავკასია არის აქედან [პროკურატურის შენობიდან] 300 მეტრში. იქ თუ მივედი, ბატონ დათო აქუბარდიასთან გადაცემაში, ეს არის კანონის დარღვევა მათი აზრით და აქ თუ ვიარო, კი ბატონო, ხო? 

ეს შენობა, ეს ტყუილების ფაბრიკა ყველაზე დიდ დროს იკავებს ტელეეკრანებზე, სადაც დადის ყველა პოლიტიკოსი პრაქტიკულად, მედია მენეჯერი, ბიზნესმენი, ვინ არიან, რა ნიშნით იბარებენ აქ, რა ნიშნით მიდი-მოდიან ეს ხალხი", - თქვა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან. 

მთავარმა პროკურატურამ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია უწყებაში დღეს დაიბარა, ტელეკომპანია კავკასიაზე, დავით აქუბარდიას გადაცემაში სტუმრობის გამო. 

10 სექტემბერს პროკურატურამ ნიკა მელიას საცხოვრებელი ადგილის დატოვებაზე უარი უთხრა, ამის მიუხედავად, დეპუტატი TV კავკასიასა და TV პირველზე სტუმრად მივიდა. საგამოძიებო უწყების განცხადებით, ეს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევა და განმეორების შემთხვევაში, შესაძლოა, ნიკა მელიას მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენონ.

ტვ მაესტროსთან საუბარში დავით აქუბარდიამ თქვა: 

"მართლა გაოცებული ვარ. ეს საბჭოთა პროკურატურა, რუდენკოს პროკურატურაა. არ აქვთ უფლება. ადამიანურად შემეცოდა და სადღაც ბოდიშის მოხდაც მინდა მისთვის. მე დავარწმუნე, რომ რადგან პარლამენტში მისვლის ნება მოგცეს, აუდიტორიასთან შეხვედრის, დებატებში მონაწილეობის უფლებაც ექნებოდა". 

ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას 20 ივნისის ღამეს "ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას" ედავებიან.

26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა საგამოძიებო უწყებას მელიას დაკავების შესაძლებლობა მისცა, მას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერეს. 

დეპუტატ ნიკა მელიას კონტროლის მიზნით ელექტრონულ სამაჯური მას შემდეგ დაუმაგრეს, რაც მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახედ 30 000 ლარიანი გირაო და სამაჯურის დამაგრება შეუფარდა. 

მელიას პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის, ორმა თვალი დაკარგა.

20 ივნისის ღამის შემდეგ პარლამენტთან აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ყოფილი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ, მაგრამ გახარია ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრად წარადგინა, პარლამენტმა კი დაამტკიცა. 

სისხლის სამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის მუხლით, ნიკა მელიას ჩათვლით, სულ 19 ადამიანის მიმართ მიმდინარეობს. 

კომენტარები