რუსული ოკუპაცია

ოკუპირებული ცხინვალი: წნელისში ქართული საგუშაგოს აღება პრობლემას მოხსნიდა

რეს

ინციდენტებზე რეაგირების და მათი პრევენციის მექანიზმის მოლაპარაკებებში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზთან ბოლოდროინდელი გამწვავებული ვითარებიდან გამოსავალი სოფელ წნელისიდან ქართული საგუშაგოს აღებაა.

"თუ ქართული მხარე გადადგამს ამ ნაბიჯს, მაშინ ოსური მხარეც მიიღებს შესაბამის ზომებს დაძაბულობის განსამუხტად. სამხრეთ ოსეთმა ერთხელ უკვე გააჟღერა გამოსვალი პრობლემისგან, რომელსაც ადგილი ჰქონდა სოფელ წნელისში ქართული პოლიციის ბლოკ პოსტის განთავსებასთან დაკავშირებით," - ამბობს მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი.

დღეს, 13 სექტემბერს, შედგა ტექნიკური შეხვედრა ქართული მხარისა და ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებს შორის. როგორ კოჩიევი ამბობს, შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა. ამის მიზეზი, მისი თქმით, ქართული მხარის უარია საგუშაგოს აღებაზე.

საოკუპაციო ხაზთან ვითარება გუშინწინ, 11 სექტემბერს კიდევ ერთხელ დაიძაბა - მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან, სოფელ ჩორჩანასა და წაღვლის მახლობლად საგუშაგოებს აგებდნენ, რითაც ალყაში ექცეოდა ქართული საგუშაგო.

30 აგვისტოს ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას.

5 სექტემბერს ოკუპირებულმა რეჟიმმა "სამხრეთ ოსეთის" დროშა 944 მეტრის სიმაღლეზე აღმართა.

კომენტარები