NATO-საქართველო

რასმუსენი: მე-5 მუხლის აფხაზეთის და ოსეთის მოუცველად NATO-ში შესვლის პოლიტიკურ ფასს ვერ ვხედავ

ამერიკის ხმასთან ინტერვიუში, NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ ვერ ხედავს პოლიტიკურ ფასს, რაც საქართველომ NATO-ს მე-5 მუხლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუვრცელებლად ალიანსში გაწევრების შემთხვევაში შეიძლება გადაიხადოს, რადგანაც აფხაზეთი და ოსეთი ისედაც ოკუპირებული აქვს რუსეთს.

"მე პოლიტიკურ ფასს ვერ ვხედავ. ფაქტია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამიტომ, ამ ტერიტორიების დათმობის გარეშე, ისინი აღიარებულია საერთაშორისოდ, როგორც საქართველოს ნაწილი. თქვენ შეგიძლიათ, NATO-ში გაწევრიანებაზე საუბრისას წინ წაიწიოთ იმ პირობების მიღებით, რაც გერმანიის შემთხვევის მსგავსია, როცა ის ცივი ომის დროს გაყოფილი იყო." - ამბობს რასმუსენი.

ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცევლებლად საქართველოს გაწევრებაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს საქართველოსთვის იქნებოდა გამოსავალი, გამკლავებოდა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს, როგორც NATO-ში ინტეგრაციის წინაღობას:

"ცალსახად პრობლემურია, გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები გქონდეს რუსეთთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ისმის შეკითხვა, როგორ შეიძლება ამის გადაწყვეტა? ვფიქრობ, უნდა განიხილოთ საქართველოს შიგნით, მოისურვებდით ასეთ შემთხვევაში დათანხმებოდით ისეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მეხუთე მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდებოდა? NATO-ში კი ზუსტად იმავე საკითხზე უნდა დავფიქრდეთ."

რასმუსენის შეფასებით, თუ საქართველო ამ საკითხს დროულად არ მიხედავს, რუსეთს მუდამ ექნება ბერკეტი, რომლითაც შეძლებს მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია შეაფერხოს.

"რა თქმა უნდა, ამის განხილვა საკამათოა საქართველოშიც და NATO-შიც. მაგრამ მგონია, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. რადგანაც თუ ასე არ ვიზამთ, პრეზიდენტ პუტინს დე-ფაქტო ვეტოს უფლებას გადავცემთ, რომელიც მუდამ შეძლებს საქართველოს, უკრაინისა და სხვა მეზობელი ქვეყნების NATO-ში გაწევრება აღკვეთოს კონფლიქტების გამწვავებითა და შენარჩუნებით."

რას გულისხმობს მე-5 მუხლი და მისი დროებითი არგამოყენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ. 

ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა 2018 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა კვლევა "NATO-ს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში". კვლევაში წერია, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს. ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია შესაძლებელია 1949 წლის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესწორებით მოხდეს, რაც გულისხმობს მე-5 მუხლის დროებით არგავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

კომენტარები