სახელმწიფო ხარჯები

მთავრობა 16 ათასზე მეტი მანქანის შესანახად წელიწადში 128 მილიონზე მეტს ხარჯავს

ტაბულა

აუდიტის სამსახური აქვეყნებს ანგარიშს სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ უკანაკსნელი მონაცემებით, მთავრობის განკარგულებაში 16 189 ავტომობილი იყო, რის შესახადაც ერთ წელიწადში 128 250 392 ლარი დაიხარჯა.

აქედან, 13 ათას მანქანაზე მეტი და 103 მილიონი ლარის ოდენობის ხარჯი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მოდის.

აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლევის ფარგლებში შესწავლილ 34 ორგანიზაციას არ აქვს ჩამოყალიბებული საწვავის ლიმიტების განსაზღვრის წინაპირობები. 6 ორგანიზაციაში საწვავის ლიმიტები დაწესებული იყო კერძო მანქანებზე, თუმცა აუდიტის შეფასებით, თანამშრომლებზე საწვავის რაოდენობის საჭიროება და მისი განსაზღვრის კრიტერიუმები დაუსაბუთებელი იყო.

ამასთან, აუდიტმა 12 ორგანიზაციაში 875 შემთხვევა გამოავლინა, როცა ავტომობილს შვებულების ან მივლინების პერიოდშიც იყენებდნენ.

აუდიტის შეფასებით, ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უწყებებში სუსტია საწვავის ხარჯვის კონტროლის მექანიზმები, რის გამოც შესაძლებელი ხდება საწვავის არასამსახურეობრივი დანიშნულებით გამოყენება.

აუდიტმა დაასკვნა ისიც, რომ 34 შესწავლილი უწყებიდან 32-ში არ ხდება, ხოლო 1-ში ნაწილობრივ ხდება სამორიგეო ავტომობილების დანიშნულებისამებრ გამოყენების კონტროლი, რაც, შესაბამისად, სამორიგეო ავტომობილის არადანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

სამორიგეო ავტომობილი, კანონმდებლობის მიხედვით, სამსახური მოვალეობის შესასრულებლად განკუთვნილი საშუალებაა, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის შედეგად უნდა გამოიყოს.

კომენტარები