აშშ - თურქეთი

ერდოღანს ტრამპთან პატრიოტის სარაკეტო სისტემის შესყიდვის განხილვა სურს

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი და რეფეფ თაიფ ერდოღანი ფოტო: Washington Post

თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან პატრიოტის სარაკეტო სისტემის შესყიდვის განხილვა სურს. მისი თქმით, ამ საკითხს მიმდინარე თვეში განიხილავს.

"მე ვთქვი, რომ მნიშვნელობა არ აქვს S-400-ის რა პაკეტს მივიღებთ, ჩვენ შეგვიძლია თქვენგან გარკვეული რაოდენობის პატრიოტის სარაკეტო სისტემა ვიყიდოთ," - ერდოღანის თქმით, აღნიშნული პრეზიდენტ ტრამპს სატელეფონო საუბარში უთხრა.

ერდოღანმა თქვა, რომ საკითხის დეტალებს მათი შეხვედრის დროს განიხილავდნენ. 

შესაძლო მომავალ სანქციებზე დასმულ კითხვაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ ის იმედოვნებდა, მათ ასეთი "შეცდომის" თავიდან არიდება შეეძლოთ.

ერდოღანმა ერთერთ ინტერვიუში ისიც თქვა, რომ "ისეთი ქვეყანა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია მის მოკავშირე თურქეთს აღარ ავნებს. ეს არ არის რაციონალური ქცევა".

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა.

S-400 სისტემის პირველი ნაწილი თურქეთმა უკვე მიიღო. მას სირიის საზღვართან განათავსებენ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ამის შემდეგ რუსეთთან S-500 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთობლივად წარმოებაზეც იმუშავებენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ ამ ნაბიჯის გამო თურქეთის F-35 საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამაში მონაწილეობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

თურქეთი F-35 ტიპის თვითმფრინავების 900-ზე მეტ ნაწილს აწარმოებს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით ამის ჩანაცვლება აშშ-ს 500-დან 600 მილიონ დოლარამდე დაუჯდება. გარდა ამისა შეჩერდება თურქი პილოტების გადამზადების პროგრამაც. თურქეთი ვეღარ შეიძენს F-35 ტიპის 100 თვითმფრინავს, რის თაობაზეც შეთანხმება უკვე არსებობდა.

F-35 აშშ-ის სამხედრო არსენალში არსებული ყველაზე განვითარებული საბრძოლო თვითმფრინავია. მას ნატო და აშშ-ის სხვა მოკავშირეები იყენებენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რუსული სარაკეტო სისტემა ნატოს სტანდარტებთან შეუთავსებელია და თურქეთს მის შეძენაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ.

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს ინფორმაცია მოიპოვოს თვითმფრინავების სისტემაზე და საფრთხეს შეუქმნის მას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები