პროპორციული სისტემა

თალაკვაძე: როგორც დემოკრატიულმა ძალამ, გავითვალისწინეთ განწყობები, გადავედით პროპორციულზე

"ჩვენ, როგორც დემოკრატიულმა პოლიტიკურმა ძალამ, გავითვალისწინეთ განწყობები და მივიღეთ გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნები 2020 წელს ჩავატაროთ," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რუსთავში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას ისაუბრა. თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებისათვის კონსიტუტიაში მხოლოდ თარიღის შეცვლაა საჭირო, რადგან 2024 წლისათვის ისედაც გათვალისწინებული იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

„წინა ხელისუფლებამ არაერთხელ შეცვალა კონსტიტუცია და მოარგო თავის საჭიროებებს, მაგრამ ჩვენ დღეს გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც რეალურად ქვეყნის ინტერესებზეა მორგებული და მისი შეცვლაც მომავალში ხშირად შესაძლებელი ვეღარ იქნება, ვინაიდან სჭირდება მაღალი კვორუმი. ახლა გვაქვს შანსი, გარდამავალ დებულებაში შევიტანოთ ცვლილება პროპორციული არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ხაზს ვუსვამ თარიღთან დაკავშირებით, რადგან სწორედ ერთი წლის წინ, როდესაც შევცვალეთ კონსტიტუცია მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გადავიდოდა პროპორციული არჩევნების სისტემაზე. ამისთვის იყო განსაზღვრული 2024 წელი, ანუ ჩვენ ვთვლიდით, რომ 2024 წელს უნდა მომხდარიყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ჩვენ გვქონდა არგუმენტები. ეს არგუმენტები დღესაც არსებობს, თუმცა თქვენი მოთხოვნით, ჩვენი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით, პოლიტიკური ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ, როგორც დემოკრატიულმა პოლიტიკურმა ძალამ, გავითვალისწინეთ ეს განწყობები და მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილება – პროპორციული არჩევნები 2020 წელს ჩავატაროთ ნულოვანი ბარიერით“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ 24 ივნისს განაცხადა. მმართველმა გუნდმა ეს გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო.

20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, პროტესტის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას, პროპორციული საარჩევნო სისტემაზეგადასვლას და 20 ივნისის ღამეს ყველა დაპატიმრებული მოქალაქის გათავისუფლება ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება მიიღეს და იმდორისათვის, დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს, რაც შეეხება გახარიას, მისი გადადგომის მოთხოვნის ორთვიანი პროტესტის შემდეგ, ივანიშვილმა ის პრემიერმინისტრად წარადგინა და პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

კომენტარები