სიის დაკომპლექტების ახალი წესი

ბაქრაძე: სიის ახალი წესი ამკვიდრებს ჯანსაღ კონკურენციას და ამომრჩევლის ნების პატივისცემაა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ევროპული საქართველო სიის შედგენის ახალ, განსხვავებულ წესზე გადადის. როგორც პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, ამ სიაზე გადასვლით მათ ქართულ პოლიტიკაში შემოაქვთ ორი სიახლე - ამომრჩევლის ნების პატივისცემა და მეორე, კონკურენციაზე და შედეგზე დამყარებული მოდელის შექმნა. ახალი წესის მიხედვით, სია არ იქნება გაწერილი წინასწარ და პარლამენტში მოხვდება პარტიის ის წევრი, რომელიც მიიღებს მეტი ადამიანის მხარდაჭერას და აჩვენებს უკეთესს შედეგს.

"პირველ რიგში ეს გვაძლევს ჯანსაღ პარტიულ კონკურენციას, იმიტომ რომ პარტიაში ეცოდინება ყველას, რომ მისი პარლამენტში მოხვედრა და პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება არ არის დამოკიდებული ერთი ადამიანის ნებაზე და ქართულ პოლიტიკაში ეს არის დომინანტი მოცემულობა, რომ სწორედ ერთი ადამიანი სურვილი განსაზღვრავს, ვინ სად და რა თანამდებობაზე იქნება. ამიტომ ევროპულ საქართველოში ყველას ეცოდინება, რომ მის ადგილს განსაზღვრავს ან ერთი ადამიანი ან ლიდერების ჯგუფი , არამედ ამომრჩეველი. ეს ამკვიდრებს პარტიაში ჯანსაღ კონკურენციას და ეს არის ამომრჩევლის ნების პატივისცემა. ამიტომ ევროპულ საქართველოს პარლამენტში ეყოლება ის ადამიანები ვინც მოსწონს ამომრჩეველს," - ამბობს ბაქრაძე.

აღსანიშნავია, რომ სიის მსგავს ფორმირებას ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ თქვა, პარტია საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს, თუმცა თუ უმრავლესობა ცვლილებას მხარს არ დაუჭერს, ამ წესს შიდა რეგულაციით მაინც აამუშავებენ.

"მას შემდეგ რაც საქართველოს საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირი მნიშვნელობით ხელიდან გამოსტყუა პროპორციული არჩევნები და 2020-ში, დათვლის კუთხით, სამართლიანი არჩევნები გვექნება, ბუნებრივია, გაჩნდა დამატებითი საკითხები. მაგალითად, როდესაც პარტიული ლიდერები, ან ლიდერთა ჯგუფი ადგენს სიას და ეს ხშირად დავიდარაბის საგანი არის ხოლმე პარტიებში. ჩვენი შეთავაზება მთლიანად ატრიალებს ქართულ პარტიულ დემოკრატიას და თუ ამოვალთ იქედან, რომ დემოკრატიისთვის პარტიების კონკურენტული შეჯიბრი არის მთავარი, ამ კომპონენტში, ზუსტად პარტიებში შიდა კონკურენცია არის მთავარი და ის კი არა, რომ მე დათო ან გიგა გადაწყვეტს ვინ იქნება სიაში, არამედ გადაწყვეტს ამომრჩეველი. გაუქმდა მაჟორიტარული სისტემა და იმის საფრთხე, რომ რეგიონები დაიკარგნონ ქართულ პოლიტიკაში, გაიზარდა, უბრალოდ სასწორზე უფრო დიდი რამე იდო პროპორციულის გამო. ჩვენ ამასაც ვითვალისწინებთ და შეჯიბრი იქნება ორ დონიანი, რაიონის ორგანიზაციების შეჯიბრი და პოლიტიკური სპიკერების შეჯიბრი. წინასწარ გადანაწილდებიან ოლქებში და იქნებიან შეჯიბრში. თავმჯდომარეზე არ ვრცელდება ეს წესი, პირველი ნომერი იქნება თავმჯდომარე, მაგრამ უკლებლივ ყველა დანარჩენზე ვრცელდება, ლიდერებიც ვიქნებით ამ კონკურენციაში ჩაბმული. გამოირიცხება ყოველგვარი ნეპოტიზმი და პარტიული კორუფცია და აღებ-მიცემობა. სიას დააკომპლექტებს ევროპული საქართველოს ამომრჩეველი და სია იქნება ღია," - ამბობს გიგი უგულავა.

სიის დაკომპლექტების ახალი წესის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერებმა დღეს, 15 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

კომენტარები