სიის ფორმირების ახალი წესი

"კონკურენცია, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეების ძალა" - ბოკერია სიის შედგენის ახალ წესზე

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ევროპული საქართველო სიას ახალი წესის მიხედვით დააკომპლექტებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა დღეს, 15 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. პარტიის წევრები პარლამენტში არა წინასწარ გაწერილი სიით, არამედ იმის მიხედვით მოხვდებიან, ვინც ამომრჩევლის მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით, სიის შედგენის ახალი წესი დაფუძნებულია კონკურენციის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებზე. 

"ჩვენი ქვეყნის ერთერთი მთავარი პრობლემა დღეს არის ის, რომ გვყავს მთავრობა, რომელსაც არ ესმის არსი არც თავისუფლების, არც კონკურენციის, არც გამჭვირვალობის, არც ანგარიშვალდებულების. არის ამ ყველაფრის საპირისპიროს სიმბოლო. ერთი კაცის კაპრიზების, რომელიც პატივს არ სცემს, არც საკუთარ თანაგუნდელებს და არც საკუთარ მოქალაქეებს, ერთობა მათი ბედით. ის წესი, რასაც დღეს ევროპული საქართველო სთავაზობს პოლიტიკურ საბჭოს, არის ამის სრული ანტიპოდი. კონკურენცია, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეების ძალა - ეს არის ის, რამაც თავისუფალი სამყარო წაიყვანა წინ და ეს არის ის, რაც საქართველოს მოუტანს წინსვლას. ევროპული საქართველო არის ის ადგილი, სადაც არის დემოკრატია, კონკურენცია, დებატები, მაგრამ ეს ყველაფერი ცივილიზებულ ჩარჩოებში, სამართლიანი, კონკურენტუნარიანი თამაშის წესებით," - ამბობს ბოკერია. 

აღსანიშნავია, რომ სიის მსგავს ფორმირებას ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ თქვა, პარტია საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს, თუმცა თუ უმრავლესობა ცვლილებას მხარს არ დაუჭერს, ამ წესს შიდა რეგულაციით მაინც აამუშავებენ.

კომენტარები