პატრიოტთა ალიანსის აქცია აშშ-ის საელჩოსთან

ინაშვილი: აშშ-ის საელჩოსთან მთავარი სათქმელია - ნუ უჭერთ მხარს სააკაშვილებს და ბოკერიებს!

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა აშშ-ის საელჩოს წინ დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ შეკრების მთავარი გზავნილი იყო ეთქვათ აშშ-ის საელჩოსთვის, შეეეწყვიტათ "სააკაშვილების და ბოკერიების" მხარდაჭერა.

"რა იყო ჩემი მთავარი სათქმელი [თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე]? და დღესაც, რა არის აშშ-ის საელჩოსთან ჩვენი მთავარი სათქმელი? სააკაშვილები და ბოკერიები არიან მწამებლები და ნუ უჭერთ მხარს მათ!" - თქვა ინაშვილმა.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი სიტყვით გამოსვლისას ამბობდა, რომ "სააკაშვილებს და ბოკერიებს" ღიად მფარველობენ აშშ-სა და ევროპული ქვეყნების საელჩოები:

"სააკაშვილებმა და ბოკერიებმა მთელი ამ წლის მანძილზე, მანამდეც და მერეც მხოლოდ ზიანი მოუტანეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. უხერხულია, როდესაც ამერიკელები, სხვადასხვა ევროპული ქვეყნის საელჩოები ღიად მფარველობენ ამ მწამებლებს."

აქციაზე, რომელიც დღეს, 15 სექტემბერს აშშ-ის საელჩოსთან გაიმართა, ბევრჯერ გაისმა ანტიდასავლური, ანტიამერიკული მესიჯები. 

"პირდაპირი დიალოგი ცხინვალთან და აფხაზეთთან", "არავითარი ნატო- გამოსავალი სამხედრო მიუმხრობლობაა", "საქართველო არ იქნება ამერიკის კოლონია", "ჩვენ ვართ ნამდვილი პატრიოტები"- თქვეს პარტიის ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა. 

10 სექტემბერს პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მივარდა და მისი ჩაშლა სცადა. ის კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა. როგორც ინაშვილმა თქვა, იქ იმის სათქმელად მივიდა, რომ "გიგა ბოკერიამწამებელია და მან ჩააბარა კოდორი და ახალგორი".შეჭრისას, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

კომენტარები