აშშ-ჩრდილოეთ კორეა

სამხრეთ კორეის მედია: კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპი ფხენიანში მიიწვია

AFP

სამხრეთ კორეული გაზეთი Joongang Ilbo დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპისათვის კიმ ჩენ ინის მიერ მიწერილ წერილში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტი ფხენიანში მიიწვია.

გასულ თვეს ტრამპმა კიმისაგან ორი წერილი მიიღო. სამხრეთ კორეული მედიის მიხედვით მეორე წერილში საუბარი იყო კიმ ჩენ ინის სურვილზე კიდევ ერთი სამიტის ჩატარების თაობაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და თეთრ სახლს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

9 აგვისტოს ტრამპმა თქვა, რომ კიმისაგან 9-გვერდიანი "ძალიან ლამაზი წერილი" მიიღო და რომ შესაძლოა მიმდინარე წელს მასთან კიდევ ერთი შეხვედრა გაემართა.

შეგახსენებთ, რომ ვიეტნამში გამართული სამიტის წარუმატებლად დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ კორეა სარაკეტო გამოცდების ჩატარებას განაგრძობს.

ამ სამიტის შემდეგ კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპს სამხრეთ კორიეს საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდა და მათ მოლაპარაკებების განახლებაზე ისაუბრეს.

ამის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ გააკრიტიკა აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები და ის ომისათვის მზადებას შეაფასა. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ აშშ არღვევს პირობას სამხრეთ კორეასთან ერთობლივის სამხედრო წვრთნების შეწყვეტის თაობაზე და ამის გამო აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებები საფრთხის ქვეშაა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და სამხრეთ კორეას დაგეგმილი სამხედრო წვრთნები არ გაუუქმებიათ, მისი მასშტაბები შეამცირეს.

კომენტარები