საქართველოს პარლამენტი

ვოლსკი ევსაქების ინიციატივას, რუსეთისთვის დამატებით სანქციებს დაწესებაზე, მავნეს უწოდებს

ევროპული საქართველოს ინიციატივას, რომელიც საერთაშორისო დონეზე ოკუპაციის თემის გააქტიურებას ეხება და რუსეთისთვის დამატებით სანქციებს ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ქართულ ოცნებაში გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

ვოლსკის თქმით, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. 

"სწორედ რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული არა მყვირალა და პიარ ეფექტზე გათვლილი, არამედ რეალურად ხელშესახები პროგრესი ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე, ევროპულ და ევროატლანატიკურ ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ. შესაბამისად, ევროპული საქართველოს მავნე ინიციატივას, საქართველოს და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის დასჯის შესახებ, საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს"- ამბობს გია ვოლსკი. 

ვოლსკიმ წინა ხელისუფლებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ქართული ოცნება, 7 წელია რაც მათი მავნე პოლიტიკით გამოწვეული კატასტროფული შედეგების ლიკვიდაციითაა დაკავებული. 

"ერთ დროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება ევროპული საქართველოც, დღემდე არ წყდება ქვეყნისთვის და ხალხისთვის ზიანის მომტანი, უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია გადაფარონ დანაშაულებრივი შეცდომები. ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, საქართველომ"- აღნიშნავს ვოლსკი. 

მისივე თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მათ [ევროპულმა საქართველომ, ენმ] არაერთხელ მოახერხეს და დაატეხეს ქვეყანას ჯერ ეკონომიკური სანქციები, შემდეგ კი რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ საქართველოში.

"სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს ინიციატივას, რომელიც თითქოს რუსეთისათვის პრობლემების შექმნას გულისხმობს და რეალურად რუსეთის მხრიდან საქართველოსათვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისთვის არის გამიზნული. შეუძლებელია ეს არ ესმოდეთ ინიციატივის ავტორებს. რადგან ესმით, სწორედაც ამ შედეგების გამოწვევა სურთ"- ამბობს გია ვოლსკი. 

ცნობისთვის, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე ევროპული საქართველოს მიერ მომზადებული დადგენილების პროექტს განიხილავს "საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე". 

დოკუმენტის ავტორები სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი არიან. 

დადგენილების პროექტში წერია, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო ოკუპაციას; რუსეთი უარს აცხადებს შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება; კერძოდ, უკან დახიოს საკუთარი შეიარაღებული ძალები ომამდელ პოზიციებზე და დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საკუთარი მანდატით განსაზღვრულ არეალში - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; რუსეთი კვლავაც გამოირჩევა დესტრუქციული მიდგომით ჟენევის მოლაპარაკებებზე, განსაკუთრებით საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებისა და ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრის საკითხებზე;

"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული საერთაშორისოდ აღიარებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრა - დევნილთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება და მათი საკუთრების უფლებების აღდგენა - და, ასევე, სრული დეოკუპაცია საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტებია. ეთნიკური წმენდის შედეგების ნებისმიერი ფორმით ლეგიტიმაცია და განმტკიცება - მათ შორის ეთნიკური წმენდის მსხვერპლთათვის წართმეული უძრავი ქონების დასავლური კომპანიების მიერ გაქირავება - საქართველოს სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელია"- წერია დადგენილებაში. 

ევროპული საქართველო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაო, რათა:

  1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;
  2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ასევე შევიდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია;
  3. ევროპის კავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე". 

კომენტარები