ევროპული საქართველო

ბოკერია: "ოცნებამ" აღიარა, რომ მათი ამოცანაა, რუსეთს საქართველოს გამო პრობლემები არ შეექმნას

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ქართულმა ოცნებამ აღიარა, რომ მათი ამოცანაა, რუსეთს საქართველოს გამო საერთაშორისო ასპარეზზე პრობლემები არ შეექმნას. 

ბოკერიამ ქართული ოცნების წევრის, გია ვოლსკის განცხადება შეაფასა, რომელმაც ევროპული საქართველოს ინიციატივას რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების თაობაზე "მავნე" უწოდა.

"მთავრობაში არიან 8 წელია. რას აკეთებენ იმისთვის, რომ შეამცირონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დევნა რუსებისგან, ჩვენი სუვერენიტეტის შელახვა. ხომ გვეუბნებოდნენ აქამდე, ვცდილობთ საერთაშორისო ზეწოლას, ოღონდ ჭკვიანურადო. დღეს მოხდა აღიარებითი ჩვენება, ვოლსკიმ თქვა, რომ თურმე ამოცანა ჰქონიათ, რუსეთს სანქციები არ დაუწესდეს. ანუ პირდაპირ ახალ დონეზე გავედით გამჭვირვალობისა ივანიშვილის გუნდისგან იმისა, რომ არ ცდილობენ, რომ რუსეთს ჰქონდეს საერთაშორისო ტკივილი, რომ ჩვენ ნაკლები ტკივილი მოგვადგეს. და ბოლოს, ღიად გამოაცხადეს მძევლებად ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ. მართალია მათი რიცხვი ძალიან შემცირდა, მაგრამ ღიად მძევლებად გამოაცხადეს. ანუ პირდაპირ თქვეს, რომ ჩვენ არაფერს არ ვიზამთ, იმიტომ რომ იმ ხალხს ატკენენო. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ტერორისტებთან მოლაპარაკებებში იმიტომ არ შედიან, რომ ამით წახალისება ხდება შემდგომი  ტერიროზმის. როგორც კი მთავრობა ამას აცხადებს, რომ იცი რა, მე არ ვატკენ რუსეთს, იმიტომ რომ მერე იქ საქართველოს მოქალაქეებს რამე არ უქნან, ეს არის დაპატიჟება რუსეთის ფედერაციის, რომ ეს ბერკეტი გამოიყენოს. 

ახალ ფაზაში შევიდნენ, ღიად აცხადებენ, რომ მათი ამოცანა არ არის რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე რამე პრობლემა შეუქმნან. ლოგიკა სად არის. უკრაინის გამო რომ სანქციები დააკისრეს ამერიკამ და ევროკავშირმა რუსეთს, ამით უკრაინას მტრობენ? ეს აბსურდის ახალი დონეა. ესენი ამბობენ, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთო. თუ უკრაინის გამო სანქციებს უჭერენ მხარს, საკუთარმა ქვეყანამ რა დაუშავა", - თქვა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველო საქართველოს მთავრობას სთხოვს, მიიღოს ყველა ზომა და აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან, რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესება უზრუნველყოს. შესაბამისი დაგდგენილება პარლამენტის 18 აპრილს დარეგისტრირდა, ევროინტეგრაციის კომიტეტში განხილვა კი დღეს დაიწყო. 

განხილვის დაწყებამდე გია ვოლსკიმ პარტიის სახელით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ "რუსეთისთვის დამატებითი სანქციები დაწესებაზე ინიციატივა მავნეა და რომ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა". 

ბოკერიას თქმით: 

"ეს რეზოლუცია საჭიროა იმისთვის, რასაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ, კლავენ, როგორც ოთხოზორიას და ტატუნაშვილს, როცა საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ხდება, როცა ხდება ეროზია ჩვენი სუვერენიტეტის ოკუპირებულ აფხაზეთში კომერციული სტრუქტურების შესვლით, ამუ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო რაღაცები ხდება - რა ბერკეტი აქვს საქართველოს. საქართველოს აქვს ბერკეტი, რომ ქვეყნის შიგნით ვიყოთ მტკიცე და არ ავარევინოთ სიტუაცია რუსეთს, და ქართული ოცნება რომ ამას აკეთებს, ყველამ ვნახეთ და ქვეყნის გარეთ საერთაშორისო ფასი გავუზარდოთ, რომ შემაკავებელი ფაქტორი იყოს, რასაც თვითონ ამბობენ, რომ ვაკეთებთ, ოღონდ ჭკვიანურადო. ახლა პირდაპირ გვითხრეს, რომ კი არ შვებიან, ამოცანა აქვთ, რომ ეს არ მოხდეს. თურმე სანქციების დაწესება რუსეთისთვის, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო არის საქართველოსთვის ცუდი. უნდა გვესმოდეს, რომ ეს აღიარებითი ჩვენებების ახალი ეტაპია". 

კომენტარები