სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

კაპანაძე: ქართული ოცნება ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ძალად, რომელიც მთლიანად რუსულ გზავნილზეა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს რომ ქართული ოცნება ისეთ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა, რომელიც "მთლიანად რუსულ გზავნილზეა".

მისი თქმით, არცერთი მნიშვნელოვანი დადგენილება, რომელიც საგარეო პოლიტიკას ეხება, არ გადის და ქართული ოცნება მას აჩერებს. 

"ევროპული საქართველოს რეზოლუციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია, ერთი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში არსებული ადამიანების სანქციებზე, მეორე არის ცეცხლის შეწყვეტის შესრულებაზე და მესამე იყო ეს პუნქტი (რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებაზე). უბრალოდ აქ, ასეთი დამოკიდებულება აქვს ქართულ ოცნებას. არცერთი მნიშვნელოვანი დადგენილება, რომელიც საგარეო პოლიტიკას ეხება არ გადის. უბრალოდ გააჩერეს, გადაავადეს მაქსიმალურად და ახლა მოუწია ამას განხილვა და კარგია რომ ახლა მოუწია, იმიტომ რომ კარგად გამოჩნდა, თუ როგორი პოზიცია აქვთ მათ და სრული ლუსტრაცია მოხდა"- თქვა კაპანაძემ ტვ.პირველის ეთერში.

მისივე თქმით, აქამდე გარკვეული ორმაგი თამაში იყო, რომ ვოლსკის მსგავსი "ძველი" პოლიტიკოსები, "ვითომ პრორუსულები იყვნენ და კომიტეტის თავმჯდომარეები ვითომ თანამედროვე, პროევროპულები.

"დღეს გამოჩნდა, რომ არანაირი ზღვარი არ არსებობს ამ ადამიანებს შორის. ქართული ოცნება ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ძალად, რომელიც არის მთლიანად რუსულ გზავნილზე, მთლიანად. შიგნით ინდივიდებს უკვე განსხვავებული აზრი არ აქვთ. ეს არის აბსოლუტურად ნათელი"- აღნიშნა მან. 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე ევროპული საქართველოს მომზადებულ დაგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა. ქართული ოცნების წევრებმა დადგენილების წინააღმდეგ მისცეს ხმა.

მმართველი გუნდის შეფასებით, ევროპული საქართველოს მომზადებული ტექსტი "პროვოკაციულია" და ისინი ამას არ წამოეგებიან. კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას თქმით, "ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიცავს რისკებს, რომ საქართველოს მოუწევს კიდევ უფრო მეტი ფასის გადახდა რუსეთის აგრესიისთვის", ქართული ოცნებისთვის პრინციპულად მიუღებელია.

ევროპული საქართველო საქართველოს მთავრობას სთხოვს, უზრუნველყოს, რომ ევროკავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

ამის შესახებ პარტიის წევრების, სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტში წერია. პარტია ითხოვს, საქართველოს მთავრობამ მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაო, რათა უზრუნველყოს: 

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;
  • ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ასევე შევიდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია;
  • ევროპის კავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები