ევროპული საქართველოს დადგენილება

ხულორდავა ბოკერიას: მე ხომ არ გიშლიდით ხელს, სულ მძაბავთ თქვენი აქტიურობით

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

თამარ ხულორდავას თქმით, ევროპული საქართველოს დადგენილების პროექტი, რომელიც მთავრობას ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს, რათა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესდეს, დამატებითი დაბრკოლება იქნება "აგრესიულ მეზობელთან ურთიერთობის ბეწვის ხიდზე". 

ხულორდავამ ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სერგი კაპანაძემ დადგენილება წარადგინა, გიგა ბოკერიას კითხვების პასუხად თქვა: 

"ჩვენი საზოგადოების ინტერესი გახლავთ შემდგომი პროგრესი და განვითარება. სწორედ ეს პროგრესი და განვითარება არის ის წინაპირობა, რომელიც შეიძლება გახდეს და აუცილებლად გახდება გარანტი ჩვენი, მათ შორის, საგარეო მისწრაფებები განხორციელების. 

ამ გზაზე ჩვენ ისედაც დავდივართ ბეწვის ხიდზე ძალიან რთული ურთიერთობები გვაქვს ძალიან არაპროგნოზირებად და აგრესიულ მეზობელთან და ამ გზაზე დამატებითი დაბრკოლებების შექმნა, პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება თვლის, რომ საჭირო არ არის. ეს არის ჩვენი ცივილიზებული პოზიცია, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ასევე ცივილიზებულად მიიღებს ჩვენი ოპოზიცია. იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით, რომ ეს ქმედებები, პოლიტიკური ნაბიჯები შედეგს არ მოგვიტანს და იქნება მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის განცხადება. ჩვენ გვირჩევნია ჩვენი ძალისხმევის ფოკუსირება მოვახდინოთ შედეგებზე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ რუსეთმა გადაიხადოს კონკრეტული ფასი იმ აგრესული ქმედებებისთვის, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს და ეს ფასი არ გადაიხადოს ჩვენმა საზოგადოებამ და მოსახლეობამ". 

ხულორდავას განცხადების პარალელურად ბოკერიამ გამორთულ მიკროფონთან რამდენიმე კითხვა დასვა, რის პასუხადაც ხულორდავამ თქვა, რომ იძაბება. ამასთან, დამატებითი სპეკულაციები საჭირო არ არის. 

"მე ხომ არ გიშლიდითი ხელს, სულ მძაბავთ თქვენი აქტიურობით, დამაცადეთ რომ ვთქვა ჩემი პოზიცია. დამატებითი სპეკულაციები საჭირო ნამდვილად არ არის, ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ ვაგრძელებთ მუშაობას, საქმეს, საქმის კეთებაში კი ვგულისხმობ უამრავ რამეს, მაგრამ ერთი კონკრეტული რომ გითხრათ, ჩვენი ინიციატივა, რომელიც ამ კონკრეტულ საკითხს ეხმიანება, არის ის, რომ ჩვენ მივმართეთ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალური მოსმენა და დებატები გაიმართოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელების საკითხებზე. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ თქვენი პარტიული ხაზით დაგვეხმარებით ამით ბოლომდე მიყვანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ევროკავშირის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვროს კიდევ უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ის არის", - თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა. . 

ევროპული საქართველო საქართველოს მთავრობას სთხოვს, უზრუნველყოს, რომ ევროკავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

ამის შესახებ პარტიის წევრების, სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტში წერია, რომელიც პარლამენტში 2019 წლის 19 აპრილს დარეგისტრირდა და პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა დღეს, 16 სექტემბერს უნდა განიხილოს. 

დადგენილებით პარტია ასევე ითხოვს, საქართველოს მთავრობამ მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაო, რათა უზრუნველყოს: 

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;
  • ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ასევე შევიდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია;
  • ევროპის კავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

დადგენილების პროექტში წერია, რომ აუცილებელია, მთავრობამ შეასრულოს ეს სამი მოთხოვნა, ვინაიდან

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო ოკუპაციას;

ვინაიდან რუსეთის ფედერაცია უარს აცხადებს შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება; კერძოდ, უკან დახიოს საკუთარი შეიარაღებული ძალები ომამდელ პოზიციებზე და დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საკუთარი მანდატით განსაზღვრულ არეალში - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

ვინაიდან რუსეთის ფედერაცია კვლავაც გამოირჩევა დესტრუქციული მიდგომით ჟენევის მოლაპარაკებებზე, განსაკუთრებით საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებისა და ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრის საკითხებზე;

ვინაიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული საერთაშორისოდ აღიარებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრა - დევნილთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება და მათი საკუთრების უფლებების აღდგენა - და, ასევე, სრული დეოკუპაცია საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტებია;

ვინაიდან ეთნიკური წმენდის შედეგების ნებისმიერი ფორმით ლეგიტიმაცია და განმტკიცება - მათ შორის ეთნიკური წმენდის მსხვერპლთათვის წართმეული უძრავი ქონების დასავლური კომპანიების მიერ გაქირავება - საქართველოს სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელია".

ინიციატივას მხარს არ უჭერს მმართველი გუნდი. ამის შესახებ პირველი განცხადება გია ვოლსკიმ გააკეთა, რომელმაც სპეციალულრ ბრიფინგზე თქვა, რომ "რუსეთისთვის დამატებითი სანქციები დაწესებაზე ინიციატივა მავნეა და რომ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა". 

"სწორედ რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული არა მყვირალა და პიარ ეფექტზე გათვლილი, არამედ რეალურად ხელშესახები პროგრესი ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე, ევროპულ და ევროატლანატიკურ ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ. შესაბამისად, ევროპული საქართველოს მავნე ინიციატივას, საქართველოს და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის დასჯის შესახებ, საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს"- თქვა ვოლსკიმ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები