იოჰანეს ჰანი

ჰანი: უზენაესში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი ევროპის დედაქალაქების ყურადღების ცენტრშია

იოჰანეს ჰანი
საქართველოს მთავრობა

ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი ამბობს, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არა მხოლოდ ბრიუსელიდან, არამედ ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებიდანაც აკვირდებიან. 

ჰანმა ეს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა. 

"ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს წინსვლა გაგრძელდება, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის კუთხით.  

პროცესი, რომელიც მიმდინარეობს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნაზე, არა მარტო ბრიუსელიდან, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებიდან არის ყურადღების ცენტრში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ აქცენტი გაკეთდეს თანაბარ უფლებებზე", - თქვა ჰანმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს და უზრუნველყოფილი იყოს პლურალისტული და თანაბარი მედიაგარემო. 

"ხაზი გავუსვით, რომ რეკომენდაციები, რომელიც ეუთო-მ გასცა, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნებისთვის, იქნება იმის გარანტი, რომ გამჭვირვალე იყოს არჩევნები და უზრუნველყოფილი იქნას პლურალისტური და თანაბარი მედიაგარემო.

ჩვენთვის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა განვითარების კუთხით, მოწინავე სამართლის უზენაესობის კუთხით აღმოსავლეთ სამეზობლოში და გვინდა, ეს სტატუსი შენარჩუნდეს მომავალშიც", - თქვა ევროკომისარმა.

იოჰანეს ჰანმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. 

'ევროკავშირი და საქართველო მჭიდრო მეგობრები და პარტნიორები არიან. პრემიერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე და იმ პოტენციური რესურსის მატერიალიზაციაზე, რომელიც ჩვენი სავაჭრო შეთანხმებიდან გამომდინარეობს. ევროკავშირის პოზიცია უცვლელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენთვის მიუღებელია მიმდინარე მავთულხლართების გაბმის პროცესი. საქართველო უნდა იყოს ერთიანი, თავისუფალი და ძლიერი. მოსახლეობა, რომელიც მავთულხლართების ორივე მხარეს ცხოვრობს, უნდა იყოს თანაბარი უფლების, მათი ინტერესები უნდა იქნას დაცული და მიიღოს ყველა ის მომსახურება, რომელიც მათ ესაჭიროებათ" - თქვა იოჰანეს ჰანმა. 

კომენტარები