სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

თალაკვაძე ევსაქების ინიციატივაზე: აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმით ქვეყანა ვერ გაერთიანდება

"აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმით ეს ქვეყანა ვერ გაერთიანდება და ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმის გამოვლინება, მმართველი გუნდი პარლამენტში მხარს არ დაუჭერს. არ გამოვა ასე, რომ თქვენ თქვენი დღის წესრიგი დაალაგოთ და ამაში ჩვენმა მოქალაქეებმა გადაიხადონ ფასი",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპული საქართველოს დადგენილების პროექტს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების შესახებ. ამის შესახებ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

"თუ თქვენ გჯერათ, რომ ტერიტორიული მთლიანობა ასე აღდგება, შეიტანეთ ეს თქვენს საარჩევნო პროგრამაში 2020 წელს, ამ პროგრამით შეხვდით საზოგადოებას და სცადეთ მიიღოთ მხარდაჭერა", - ამბოს თალაკვაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, უმრავლესობის პოზიციის შესახებ მკაფიოდ და ამომწურავად უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ უკვე ისაუბრა.

მისივე თქმით, თუ ევროპულ საქართველოს შეთანხმება და საერთო გადაწყვეტილების მიღება სურდა, პირველ რიგში უნდა გაემართათ კონსულტაცია და შემდე გაეკეთებინათ ინიცირება - "თქვენ პირიქით გააკეთეთ. თუ გსურთ კონსტრუქციული თანამშრომლობა და შეთანხმება, კომისია გვაქვს და მოდით, იქ ვილაპარაკოთ ასეთ საკითხებზე", - ამბობს თალაკვაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ისე ვერ მოხდება, რომ "მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიმართულებები" ოპოზიციამ განუსაზღვროს ხელისუფლებას.

"თუ ქვეყანას და ხელისუფლებას ამ მნიშვნელოვან ამოცანებში გსურთ დაეხმაროთ, ამას ყოველთვის მივესალმებით, მაგრამ ისე ვერ მოხდება, რომ საგარეო პოლიტიკა, დეოკუპაციის მიმართ ჩვენი სტრატეგია და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიმართულებები ოპოზიციამ განუსაზღვროს ხელისუფლებას", - თქვა თალაკვაძემ.

ევროპული საქართველო საქართველოს მთავრობას სთხოვს, უზრუნველყოს, რომ ევროკავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

ამის შესახებ პარტიის წევრების, სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტში წერია, რომელიც პარლამენტში 2019 წლის 19 აპრილს დარეგისტრირდა და პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა დღეს, 16 სექტემბერს უნდა განიხილოს. 

დადგენილებით პარტია ასევე ითხოვს, საქართველოს მთავრობამ მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაო, რათა უზრუნველყოს: 

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;
  • ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ასევე შევიდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია;
  • ევროპის კავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

დადგენილების პროექტში წერია, რომ აუცილებელია, მთავრობამ შეასრულოს ეს სამი მოთხოვნა, ვინაიდან: 

  • რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო ოკუპაციას;
  • ვინაიდან რუსეთის ფედერაცია უარს აცხადებს შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება; კერძოდ, უკან დახიოს საკუთარი შეიარაღებული ძალები ომამდელ პოზიციებზე და დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საკუთარი მანდატით განსაზღვრულ არეალში - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
  • ვინაიდან რუსეთის ფედერაცია კვლავაც გამოირჩევა დესტრუქციული მიდგომით ჟენევის მოლაპარაკებებზე, განსაკუთრებით საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებისა და ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრის საკითხებზე;
  • ვინაიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული საერთაშორისოდ აღიარებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრა - დევნილთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება და მათი საკუთრების უფლებების აღდგენა - და, ასევე, სრული დეოკუპაცია საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტებია;
  • ვინაიდან ეთნიკური წმენდის შედეგების ნებისმიერი ფორმით ლეგიტიმაცია და განმტკიცება - მათ შორის ეთნიკური წმენდის მსხვერპლთათვის წართმეული უძრავი ქონების დასავლური კომპანიების მიერ გაქირავება - საქართველოს სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელია".

მაგრამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე ევროპული საქართველოს მომზადებულ დაგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა. ქართული ოცნების წევრებმა დადგენილების წინააღმდეგ მისცეს ხმა.

კომენტარები