ქართული ოცნება

ოცნების დეპუტატები Bloomberg-ის სტატიაზე: არ წამიკითხავს, კომენტარს ვერ გავაკეთებ

"არ წამიკითხავს, კომენტარს ვერ გავაკეთებ" - ასე უპასუხეს ქართული ოცნების დეპუტატებმა, მამუკა მდინარაძემ და თამარ ხულორდავამ, ტაბულას ჟურნალისტის კითხვას Bloomberg-ის სტატიასთან დაკავშირებით. 

"ამაზე ვერ გავაკეთებ ახლა კომენტარს. Bloomberg-ის სტატიაში რა წერია, ამაზე კომენტარი რომ გავაკეთო ასე, თქვენი გადმოცემით, ცოტა უხერხული იქნება,"- თქვა ხულორდავამ. 

ამერიკულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით "რა სჭირდება საქართველოს ოპოზიციას დასავლეთისგან", საუბარია იმაზე, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, გაპრემიერებით საქართველოს დასავლური არჩევანი შესაძლო საფრთხის წინაშე დგას. 

ამერიკელი ჟურნალისტი ილაი ლეიკი წერს, რომ პროდასავლური განცხადებების მიუხედავად, გიორგი გახარიამ რუსული მოქალაქეობა მხოლოდ და მხოლოდ 2013 წელს დათმო და ის თავს ესხმის ყველაზე ანტირუსულ პარტიებს, რითაც "ბევრი აქვს საერთო მის პოლიტიკურ მფარველთან". 

"ივანიშვილიც ხშირად სწორ რაღაცებს ამბობს, როცა საქმე რუსეთს ეხება. მაგრამ ფაქტი, რომ მისი 5 მილიარდზე დიდი ქონება რუსეთშია დაგროვებული 1990-იან წლებში, აჩენს ეჭვებს, თუ რამდენად აქვს მასზე ბერკეტები კრემლს." - წერს ლეიკი - "საბედნიეროდ, ივანიშვილზე აშშ-საც აქვს ბერკეტები. ბათუ ქუთელიამ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა აშშ-ში და ამჟამად საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტმა მითხრა, რომ ივანიშვილი ქონების ნაწილს დასავლეთში ინახავს, აქცევს რა მას ამერიკელების კონტროლის ქვეშ."

სტატიაში, რომელიც დღეს, 13 სექტემბერს გამოქვეყნდა Bloomberg-ზე, ნათქვამია, რომ საქართველოს პროდასავლური კურსის შესანარჩუნებლად აუცილებელია, აშშ-მ ნათელი მესიჯი გაუგზავნოს ბიძინა ივანიშვილს მომდევნო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების შესახებ.

Bloomberg-ის სტატიაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა არც სტატიის ერთერთმა გმირმა, თავად გიორგი გახარიამ. 

კომენტარები