ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი

ანაკლიის კონსორციუმი: თავს შევიკავებთ სამინისტროსთან გამართული კომუნიკაციის კომენტირებისგან

ბია

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი სპეციალური განცხადება ავრცელებს. განცხადებაში კონსორციუმი, პოტენციურ შესაძლო ინვესტორებთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ხაზარაძის თქმით, პორტის პოტენციური ინვესტორებს და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განუცხადა, რომ სახელმწიფოს მათნაირი ინვესტორები არ ჭირდებოდა. განცხადებაში კონსორციუმი, ადასტურებს ახალი ინვესტორების შეხვედრას ადასტურებს, თუმცა საკითხის კომენტირებისგან თავს იკავებს.

თავის მხრივ, შეხვედრა დაადასტურეს სამინისტროშიც. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, სახელმწიფოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და საკითხის განსახილველად 28 დღიანი ვადა აქვთ.

გთავაზობთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებას უცვლელად:

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" თავს შეიკავებს მხარეთა შორის ჩვეულებრივი ორმხრივი კომუნიკაციის ფარგლებში სამინისტროსთან გამართული, კონფიდენციალური განხილვების თაობაზე კომენტირებისგან; ასევე განხილვებთან დაკავშირებით სხვა პირების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე კომენტირებისგან. კონსორციუმი აგრძელებს ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას პროექტთან დაკავშირებულ ყველა მხარესთან, მათ შორის სამინისტროსთან, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კონსორციუმმა ცოტა ხნის წინ წარუდგინა სამინისტროს ორი მსხვილი საერთაშორისო ინვესტორი, რომელთაც, უკვე გაცხადებულ ინვესტორებთან - ამერიკულ SSA Marine-თან და ქართულ "თიბისიეიჩ ანაკლიასთან" ერთად, პოტენციურად შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა კონსორციუმის გაძლიერებაში.

კონსორციუმი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით დაწყებული კომუნიკაციის ლოგიკური გაგრძელება იქნება, თუ სამინისტრო ოფიციალური წერილებით დაუდასტურებს ზემოხსენებულ პოტენციურ ინვესტორებს, რომ მათ მიესალმებიან პროექტში და ექნებათ სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა.

უკვე დროა, ყველა დაინტერესებულმა და ჩართულმა მხარემ გააერთიანოს ძალები, რათა ეს სტრატეგიული პროექტი წარმატებით განხორციელდეს. კონსორციუმი მიესალმება სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ყველა პოზიტიურ ნაბიჯს, რამაც შეიძლება ბიძგი მისცეს პროექტის შემდგომ სწრაფ განვითარებას - საქართველოს ზოგადი საერთო წარმატებისთვის."

კომენტარები