NDI-ის კვლევა

ზოიძე NDI-ზე: სიღარიბე და უმუშევრობა რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევაა, სიახლე არაა

აიპრესი

"სიღარიბე და უმუშევრობა რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევაა, ეს სიახლე ნამდვილად არ არის," - უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე NDI-ის ბოლო კვლევის შედეგებს აფასებს. ზოიძე ამბობს, რომ მთავრობა ამის გამოსასწორებლად ყველაფერს აკეთებს. 

"ტენდენციები საყურადღებოა, სიღარიბე და უმუშევრობა რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევაა, ეს სიახლე ნამდვილად არ არის და მთავრობის მთელი ძალისხმევა სწორედ ამაზე არის მიმართული, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები, ისეთი სამუშაო ადგილები, რომლებიც ისეთ შემოსავალს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს, რომ ისინი თავს არ იგრძნობენ უკიდურეს სიღარიბეში და გაჭირვებაში. მათ შორის არის საყურადღებო პრობლემები, რომლებზეც კონკრეტული პროგრამები არის გათვალისწინებული და სამოქმედო გეგმა. რაც ეხება მაგალითად, წამლებს, იმიტომ რომ წამლები არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მოსახლეობისთვის არის პრობლემატური. საყურადღებოა ასევე, რომ დადებითი ტენდენციები ჯანდაცვის პროგრამებზე ნარჩუნდება, რომ მოსახლეობის უმეტესობა კმაყოფილია ამ პრობლემებით, მაგრამ საყურადღებოა სწორედ წამლების პრობლემა და  ჩვენ ვპირდებით, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებთ მოსახლეობის ყველაზე უფრო მოწყვლადი ნაწილისთვის. რაც შეეხება საპენსიო რეფორმას, ეს დასაწყისია, ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდება საპენსიო ფონდს, რომ მოსახლეობის ნდობა, ისე როგორც ეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებშია, მაქსიმალურად მოკლე დროში გაამყაროს," - ამბობს ზოიძე. 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 48% მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

34%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი ფასების ზრდა და ინფლაციაა, ხოლო 33%-სთვის სიღარიბე.

43% ამბობს, რომ ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ. 21% პასუხობს, რომ მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვს 5 წლის წინანდელთან შედარებით, ხოლო 35% - იგივე. 2%-მა ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები