საქართველოს პარლამენტი

კაპანაძე ოცნებას: "პატრიოტები" თქვენ მოახვედრეთ პარლამენტში, გააძლიერეთ პროპუტინური ძალები

ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, "ქართული ოცნება" პრორუსული ძალაა და ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. 

კაპანაძე, უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც ქართული ოცნების პროევროპულობაზე და ევროპული საქართველოსა და ენმ-ის ბოლშევიკურ აზროვნებაზე ისაუბრა. 

"თქვენ ახლა შეეცადეთ, ჩვენთვის აგეხსნათ, რატომ ხართ პროევროპული ძალა. ახლა მე შევეცდები აგიხსნათ, რატომ ხართ პრორუსული ძალა. გუშინ ევროინტეგრაციის კომიტეტზე "ქართულმა ოცნებამ" ჩააგდო სრულიად უწყინარი, სამპუნქტიანი დადგენილების პროექტი, რომელიც ერთადერთ რამეს ისახავდა მიზნად – ჩვენი პარტნიორებისთვის მოგვეწოდებინა, რომ რუსეთთან მიმართებაში თავიანთ ურთიერთობებში გაეთვალისწინებინათ ჩვენი თემატიკა. ამაზე უარი თქვით და ეს არის იმის ერთ-ერთი მანიშნებელი, რატომ ხართ პრორუსული ძალა"- ამბობს კაპანაძე. 

მისივე თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანაში, როგორც არასოდეს გაძლიერდნენ პროპუტინული ძალები.

"პატრიოტთა ალიანსი" თქვენ მოახვედრეთ პარლამენტში, თქვენ გააძლიერეთ, მიეცით ფული, შეაქმნევინეთ ფრაქცია და იმ რაღაც შეხვედრებს რომ ატარებენ, თქვენი აქტივი დაგყავთ იქ. იმიტომ ხართ პრორუსული ძალა, რომ აფინანსებთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისეთ გამოცემებს, რომლებიც პირდაპირ არიან რუსულ მესიჯბოქსზე და ქადაგებენ, რომ პუტინი არის კარგი, დასავლეთი არის ცუდი, უმცირესობების უფლებები უნდა შეილახოს. თქვენ უხდით მათ ფულს"- ამბობს კაპანაძე. 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში დანერგა ნარატივი, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ არიან პრორუსული ძალები.

"ისეთი დაგვისვით პრეზიდენტად, რომელიც ამ გზავნილს იმეორებდა. უმრავლესობა თქვენგანი, რომლებსაც გგონიათ, რომ საგარეო პოლიტიკაზე ექსპერტები ხართ, ხან იმას გვაბრალებთ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და თურმე ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია ასე, ხან იმას, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და თურმე ტალიავინმა დაადასტურა. ყველაფერი ეს არის ტყუილი. თქვენ ბოლო წლების განმავლობაში დანერგეთ ნარატივი, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ამიტომ ხართ პრორუსული ძალა. თქვენ ხართ პრორუსული ძალა, რადგან ის, რაც თავის დროზე ივანიშვილმა დაწერა და თქვა, რომ უნდოდა საქართველო გაექრო დღის წესრიგიდან, მაშინ ეს სიტყვები იყო და თქვენ ეს შეასრულეთ. სიტყვა არ არის პრორუსულობა, ეს საქმე არის პრორუსულობა. ის, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენზე აღარ ლაპარაკობენ არც საჯარო გამოსვლებში, არც უმაღლეს შეხვედრებზე, როცა რუსეთს ესაუბრებიან, არის ამის გამოვლინება და ეს არის პრორუსულობის გამოვლინება"- აღნიშნა კაპანაძემ. 

"იმიტომ ხართ პრორუსული ძალა, რომ კილომეტრნახევრით შემოიწია კიდევ ერთ-ერთ ადგილზე ადმინისტრაციულმა საოკუპაციო გამყოფმა ხაზმა, რაც მერამდენე შემთხვევაა ამ ბოლო წლების განმავლობაში, ამაზე რეაგირება თითქმის არ გქონდათ, სანამ იძულებული არ გახდით, საზოგადოების წნეხის შედეგად, რაღაც ნაბიჯები გადაგედგათ"- ამბობს კაპანაძე. 

მისივე თქმით, ქართული ოცნება კიდევ იმიტომ არის პრორუსული, რომ პრობლემების დიალოგის გზით მოგვარების ილუზია შექმნეს. 

"ყველაზე მთავარი არის ის, რომ გმართავთ რუსი ოლიგარქი თავისი რუსული ოლიგარქიული მეთოდებით, რომლის ამოცანაა, არ იყოს ოპოზიცია, რომ შეიზღუდოს თავისუფალი სიტყვა, რომ დაამთავროს თავისი ოპონენტები, რომ უმცირესობების უფლებები არ იყოს დაცული და ეს არის თქვენი ამოსავალი წერტილი. მასზე გადაფარებული ხართ, ამიტომ ხართ პრორუსული ძალა. არანაირი პროევროპული. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. თქვენ ხართ პრორუსული, პროპუტინული ძალა, სამწუხაროდ"- თქვა კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

ცნობისთვის, ევროპული საქართველო საქართველოს მთავრობას სთხოვს, უზრუნველყოს, რომ ევროკავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

ამის შესახებ პარტიის წევრების, სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტში წერია, რომელიც პარლამენტში 2019 წლის 19 აპრილს დარეგისტრირდა და პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა გუშინ, 16 სექტემბერს უნდა განიხილოს. 

დადგენილებით პარტია ასევე ითხოვს, საქართველოს მთავრობამ მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაო, რათა უზრუნველყოს: 

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;
  • ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ასევე შევიდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია;
  • ევროპის კავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

მაგრამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე ევროპული საქართველოს მომზადებულ დაგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა. ქართული ოცნების წევრებმა დადგენილების წინააღმდეგ მისცეს ხმა. 

კომენტარები