საბიუჯეტო ხარჯები

ბოლო 2.5 წელიწადში აჭარის მთავრობამ ჭამაზე ბიუჯეტიდან 190 ათასი დახარჯა

თორნიკე რიჟავაძე
facebook.com/AdjaraGovGe

გასული ორწელიწადნახევრის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სარესტორნო მომსახურებაში 189 495 ლარი დახარჯა. ამის შესახებ ფლანგვის დეტექტორი იუწყება ფაქტჩეკზე დაყრდნობით.

სარესტორნო ხარჯებმა 2017 წელს 92 552 ლარი შეადგინა, 2018 წელს 46 920 ლარი, ხოლო 2019 წლის პირველ ნახევარში 50 023 ლარი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განმარტებით, მსგავსი ხარჯების მიზანი რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაა.

ფლანგვის დეტექტორში კი განმარტავენ, რომ ამისდა მიუხედავად, გასულ წლებში აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ოთხი სამინისტროსა და  მთავრობის ხელმძღვანელისგან შედგება: სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

მთავრობის შემადგენლობაში შედის ასევე სამთავრობო დეპარტამენტები, რომლებიც სხვადასხვა სფეროს კურირებენ. მაგალითისთვის - საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გარემოს დაცვის დეპარტამენტი, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ა.შ.

კომენტარები