პრეზიდენტის შეწყალება

მთავარი არხი: პრეზიდენტმა შეიწყალა ზურაბ ნადირაძე, რომლის ექსტრადირებასაც 23 წელი ითხოვდნენ

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

მთავარი არხის ინფორმაციით, მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთი მკვლელობაში მსჯავრდებული შეიწყალა. 1994 წლიდან, საქართველოს ზურაბ ნადირაძეზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. მის ექსტრადირებაზე ჩეხეთმა ქართულ მხარეს რამდენჯერმე უთხრა უარი, თუმცა, 2017 წლის დასაწყისში მისი დეპორტაცია გადაწყდა.

"სასიხარულო ამბავი იყო შეწყალება და ვინ, რა, რატომ გააკეთა, არ ვიცი" - უთხრა მთავარ არხს ნადირაძის შვილმა კითხვაზე, ვინ უშუამდგომლა მსჯავრდებულს პრეზიდენტთან.

გამოძიების ინფორმაციით, 1994 წელს თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზურან ნადირაძემ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა გიორგი ქოიავა, გრიგოლ ნატროშვილი, გიორგი კირკიტაშვილი და იოსებ ქოიავა. ეს უკანასკნელი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ზურაბ ნადირაძე იმავე წელს ძებნილად გამოცხადდა, 2000 წლიდან კი, ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებდა. მას დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თავად ზურაბ ნადირაძე აცხადებდა, რომ მკვლელობა არ ჩაუდენია და პოლიტიკურად დევნიდნენ "როგორც ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს".

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა. ასევე, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა.

კომენტარები