პრეზიდენტის შეწყალება

წულუკიანის თქმით, მარიამობას პრეზიდენტმა შეიწყალა მსჯავრდებული, რომელიც დღემდე ძებნილია

თეა წულუკიანი
ტაბულა

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა ისეთი მსჯავრდებულიც შეიწყალა, რომელიც დღემდე ძებნილია. 

"ის ვერ გათავისუფლდებოდა, იმიტომ, რომ ის დღესაც არის ძებნილი" - თქვა თეა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში.

იუსტიციის მინისტრი სამწუხარო შედეგს უწოდებს მკვლელობაში მსჯავრდებული სამი ადამიანის შეწყალებას. თეა წულუკიანის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ მარიამობის შეწყალებისას, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია იუსტიციის სამინისტროს აზრს კითხავდნენ შესაწყალებელთა სიაზე.

“მოლოდინი მე პირადად მქონდა, რომ აღდგომის და ახალი წლის შეწყალების მსგავსად, პრეზიდენტი ან მისი ადმინისტრაცია იკითხავდა ჩვენგან აზრს - ესა და ეს პატიმარი ჩვენგან შეწყალებას ითხოვს და ნამდვილად შვილები ჰყავს სახლში? ნამდვილად ავად არის? ნამდვილად სიმსივნე აქვს? ეს ჩვენ წინა ორი შეწყალებისას შეგვიმოწმებია და გვითქვამს, რომ არ იტყუება, ნამდვილად მცირეწლოვანი ბავშვები ელოდებიან ამ პატიმარ ქალს, მაგრამ მარიამობის შეწყალებისას არანაირი კონტაქტი აღარ შემდგარა ჩვენთან, პრეზიდენტისგან პირდაპირ მივიღეთ ხელმოწერილი აქტი, რის შემდეგაც 24 პირიდან 23 პირი გათავისუფლდა საპატიმროდან, ერთი ვერ გათავისუფლდებოდა, იმიტომ, რომ ის დღესაც არის ძებნილი" - ამბობს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრის შეფასებით, თუ შეწყალების კომისია არ იარსებებს, მაშინ, უნდა გაიწეროს ძალიან მკაფიო კრიტერიუმები, რა შემთხვევაში აქვს პრეზიდენტს შეწყალების უფლება.

“შეწყალების უფლება ვერ იქნება ულიმიტო და უსაზღვრო, წინააღმდეგ შემთხვევაში მივალთ ისეთ სამწუხარო შედეგებამდე, როგორც მივედით მარიამობის შეწყალებამდე, როცა სამი მკვლელობის მუხლით სამი ადამიანი იქნა შეწყალებული და რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს 2019 წელს არ ვცხოვრობთ ასლან აბაშიძის ბათუმში, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს პატიმარი და იუსტიციის სამინისტრომ არ გააღოს ციხის კარი, როცა ვიღებთ პრეზიდენტის შეწყალების აქტს, რა თქმა უნდა, ვაღებთ ციხის კარს" - ამბობს თეა წულუკიანი.

არიამობის დღესასწაულის შეწყალების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი კრიტიკის ობიექტი გახდა. მის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. 

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა.

კომენტარები