საქართველოს ეკონომიკა

რა საფუძველი აქვს სსრკ-ს დაშლის უარყოფით აღქმას მოსახლეობის ნაწილში

აკა ზარქუა
0 კომენტარი

17 სექტემბერს, NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე - "თქვენი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის დადებითი მოვლენა იყო, თუ უარყოფითი" - შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა. გამოკითხულთა 49% სსრკ-ს დაშლას საქართველოსთვის დადებით მოვლენად მიიჩნევს, 41% კი მომხდარს უარყოფითად აფასებს.

იმავე გამოკითხვის შედეგებით, ნატოში გაწევრიანებას გამოკითხულთა 71% ემხრობა, ევროკავშირში გაწევრიანებას კი გამოკითხულთა - 78%. მონაცემები ცხადყოფს, რომ იმ ადამიანების ნაწილი, ვინც სსრკ-ს დაშლას უარყოფით მოვლენად მიიჩნევს, ამავდროულად ემხრობა ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, რაც რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია.  

შესაძლოა, ამ ალოგიკურობის მიზეზი, სსრკ-ს შესახებ დასმული კითხვის ფორმულირებაში იყოს. საქმე ისაა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას თან ახლდა შეიარაღებული კონფლიქტები, სახელმწიფო გადატრიალება, სამოქალაქო ომი და ეკონომიკური კოლაფსი. დაშლის შემდეგ ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა - სულ ორი წლის შუალედში ქვეყანაში სამი ომი გამოიარა. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდი ადამიანების დიდ ნაწილში სწორედ იმ გაუსაძლის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებასთან ასოცირდება, რომელშიც საქართველო იმ პერიოდში აღმოჩნდა.

რა ხდებოდა საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის პარალელურად ?

საქართველო საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების შორის ეკონომიკური სიდიდით მერვე ადგილს იკავებდა -  მუშაობდა მძიმე ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სექტორები. უმუშევრობის მაჩვენებელი უმნიშვნელო იყო, ხოლო მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ფინანსური დანაზოგი ჰქონდა. 

ეკონომიკური კოლაფსის ნიშნები რკინის ფარდის აქეთა მხარეს 1989 წელს გაჩნდა. ამ დროისთვის სსრკ-ს ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს ეთნიკური კონფლიქტები. თითქმის ყველა სახეობის პროდუქტის დეფიციტია, დგას რიგები, მოშლილია ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოძრაობები აქტიურია რამდენიმე რესპუბლიკაში. მათ შორის - საქართველოში.

1989 წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით შემცირდა. 9 აპრილის შემდეგ საქართველოს ეროვნული მოძრაობა კიდევ უფრო მძლავრ პოლიტიკურად ძალად ჩამოყალიბდა. მოძრაობის სათავეში ყოფილი დისიდენტი და ფილოლოგი, ზვიად გამსახურდია აღმოჩნდა.

9 აპრილის მსხვერპლთა გახსენება ფოტო: ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ ჯემალ კასრაძე

1990 წელს, საბჭოთა საქართველოს ისტორიაში პირველ დემოკრატიულ არჩევნებზე სწორედ გამსახურდიას ბლოკმა, "მრგვალმა მაგიდამ", გაიმარჯვა. 1990 წელს საქართველოს ეკონომიკა 14 %-ით შემცირდა. 1991 წელს გაღვივდა კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში, საბოლოოდ ეს მოქმედებები ცხინვალის ომში გადაიზარდა.

1990 წლის, 28 ოქტომბრის საყოველთაო არჩევნები ფოტო: ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ამავე წელს, 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი. მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი — "ხართ, თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა?"  მოსახლეობის 99%-იანი მხარდაჭერით, 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 26 დეკემბერს სსრკ-მ არსებობა შეწყვიტა. ამ დროისთვის საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა.

1991 წლის 31 მარტის, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ბიულეტენი ფოტო: ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

22 დეკემბერს დაწყებული ომი თბილისში 15 დღე გაგრძელდა. 6 იანვარს ზვიად გამსახურდიას მთავრობა დაემხო, თუმცა სამოქალაქო დაპირისპირება დასავლეთ საქართველოში სხვადასხვა სიმწვავით, კიდევ ორი წელი გაგრძელდება.

სამოქალაქო დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე ფოტო: ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ შახ აივაზოვი

1991 წელს საქართველოს ეკონომიკა 21 პროცენტით შემცირდა. ქვეყანაში მოიშალა ყველანაირი სახელმწიფო წესრიგი, ჩამოიშალა ეკონომიკა და მისი თითოეული სექტორი. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე თვეში ქვეყანა საყოველთაო ქაოსმა მოიცვა.

1992 წელი ქვეყნისთვის კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წელი საქართველოს ისტორიაში უპირობოდ ყველაზე წარუმატებელი წელია. 1992 წლის 7 მარტს, თბილისში ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა, ის ჯაბა იოსელიანის, თენგიზ კიტოვანის და თენგიზ სიგუას გუნდს შეუერთდა. ამ დროისთვის დაპირისპირების კერები არსებობს ცხინვალის რეგიონში, შეიარაღებული კონფლიქტი იწყება აფხაზეთშიც. დროთა განმავლობაში საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონტროლი ორივე რეგიონზე დაკარგა. ამ კონფლიქტების შედეგად, 400 ათასამდე პირი დევნილად იქცევა.

აფხაზეთიდან დევნილი ენგურის ხიდთან ფოტო: ფოტო: Mike Goldwater

1992 წელს საქართველოს ეკონომიკა რეკორდული, 44%-ით შემცირდა. ამ წლის განმავლობაში ეკონომიკური ვარდნა იმდენად მაღალი იყო, რომ საქართველოს მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების რიცხვში აღმოჩნდა. 

შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ეფექტური ხელისუფლების არარსებობის პირობებში ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში კიდევ უფრო გამწვავდა. მოსახლეობის უმეტესობა პირველადი მოხმარებისა და მოთხოვნის პროდუქტებისა და სერვისების გარეშე დარჩა. 

1993 წელს საქართველოს ეკონომიკა კიდევ 29%-ით შემცირდა. ქვეყანა უბრალოდ გაბანკროტდა. 1990 წლიდან 1995 წლამდე საქართველოს ეკონომიკა ჯამურად 68%-ით შემცირდა. 1989-1994 წლებში, საქართველოს ეკონომიკა საშულად 20%-ით მცირდებოდა.

ეკონომიკური კოლაფსის მსოფლიო რეკორდები

მიახლოებითი გათვლებით, 1994 წლის მიწურულს საქართველო ოდნავ უფრო მდიდარი იყო, ვიდრე დღევანდელი კონგო (მშპ — 439$) და მოზამბიკი (მშპ — 415$).  საქართველოს მაშინდელი მშპ ერთ სულ მოსახლეზე, დაახლოებით 519 დოლარს შეადგენდა. შედარებისთვის დღევანდელი მშპ 4 300 დოლარია.

ამავდროულად, 1994 წლის საქართველო უფრო ღარიბი იყო, ვიდრე დღევანდელი ტაჯიკეთი, უგანდა, ჰაიტი, იემენი, ტანზანია, ეთიოპია, უზბეკეთი და ყირგიზეთი. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 3 წლის შემდეგ საქართველო, მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფო იყო.

გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკისკენ მიმავალ გზაზე, საქართველოში საკვებისა და ელექტროენერგიის დეფიციტთან ერთად ცოდნის დეფიციტიც გამოვლინდა. დამოუკიდებლობის პირველ წლებში ქვეყანა, ნაივური წარმოდგენების, უუნარობისა და უცოდინრობის მსხვერპლი აღმოჩნდა. 

ქვეყანაში გამეფებული კატარასტროფული არაკომპეტენტურობის კიდევ ერთი მაგალითი ქართული ფულის შექმნის ისტორიაა. 1993 წელს, რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს კუთვნილი საბჭოთა მანეთების გაცემა შეწყვიტა. საბოლოოდ საქართველოს ფინანსურ საცავებში დახეული სამმანეთიანი კუპიურები და ხუთკაპიკიანები დარჩა.  

ქვეყანა უბრალოდ ვალუტის გარეშე დარჩა. გადაწყდა გარდამავალი ფულადი ერთეულის ე.წ. კუპონის შემოღება. გეგმის მიხედვით, კუპონი გარდამავალი ვალუტა უნდა ყოფილიყო სანამ მიმოქცევაში ლარი შემოვიდოდა. კუპონი მაკროეკონომიკური პარამეტრებისა და ფასების სტაბილიზაციისთვის დაიბეჭდა.

ფოტო: NBG.ge

აქ ყველაზე ნათლად გამოვლინდა ღრმა არაკომპენტენტურობა და კორუფცია, რომელშიც ქვეყანა იძირებოდა. ეროვნულმა ბანკმა კუპონის მასის კონტროლის ნაცვლად ფულის ფორსირებული ბეჭდვა დაიწყო. ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს პირდაპირ ეროვნული ბანკიდან გამოჰქონდათ კრედიტი. როგორც წესი, მსესხებლები იმავე დღეს ყიდულობდნენ ამერიკულ დოლარს და შემდეგ ელოდნენ კუპონის გაუფასურებას. შედეგად მსესხებლები ეროვნულ ბანკს უკვე ძალადაკარგულ, ქაღალდად ქცეულ ვალუტას უბრუნებდნენ.

კუპონის კრახის შემდეგ პოლიციაში დაიბარეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დემურ დვალიშვილი. გამომძიებლების კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას სრული ინფორმაცია სახელმწიფოს მევალეების შესახებ, დვალიშვილმა უპასუხა, რომ ეს მონაცემები მხოლოდ მის სამუშაო რვეულში ინახებოდა. დაკითხვიდან გამოსულმა დვალიშვილმა პოლიციის დერაფანში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

1993 წელს ინფლაციამ საქართველოში 15 000%-ს გადააჭარბა. 1990-იანი წლების დასაწყისში, საქართველომ ათეული წლებით უკან დაიხია. მოსახლეობა დიდი ხნით, გაუსაძლის სიღარიბეში აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირის ნგრევა კი ამ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სწორედ, ამ პერიოდს უკავშირდება. შესაძლოა ეს იყოს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას ამ შედეგის მიღების მიზეზი.  

საინტერესო ფაქტები 1990-იანი წლების საქართველოს ეკონომიკიდან. 

  • 1991-1994 წლებში რეგულირებადი სამომხმარებლო ფასები საქართველოში 68-ჯერ გაიზარდა;
  • 100-ჯერ გაიზარდა პურის ფასი;
  • 1992 წელს საქართველოში დაწესდა ტარიფები, იმპორტზე — 2 პროცენტი, ექსპორტზე — 8 პროცენტი;
  • 1992 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო სუბსიდიების წილი 30 პროცენტს უტოლდებოდა;
  • 1995 წლისთვის მინიმალური ხელფასი — 2,69 დოლარი იყო, მაქსიმალური — 12,69 დოლარი (1994 წლის 10 ცენტის მიმართებით დოლართან);
  • 90-იანი წლების პირველ ნახევარში არსებობდა პროგრესული საშემოსავლო საგადასახადო სისტემა არსებობდა;
  • სავალუტო ფონდში გაწევრიანებისთვის საჭირო მილიონი დოლარი საქართველომ ნიდერლანდებისგან სესხის სახით მიიღო, მოგვიანებით ეს დავალიანება საქართველოს ჩამოაწერეს.

ტაბულა დაუკავშირდა კომპანია CRRC-ის, რომელმაც კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა. კომპანიაში გვითხრეს, რომ საბჭოთა კავშირის შესახებ დასმულ კითხვას, დაზუსტების კითხვები არ მოყვება. ტაბულა კომენტარისთვის ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტსაც დაუკავშირდა. ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ ამ კითხვაზე ერთი შეხედვით უცნაური პასუხები რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს კითხვა ერთ-ერთია იმ მრავალ კითხვას შორის, რომელიც მოსახლეობის განწყობებს დასადგენად გამოიყენება. NDI-ში განგვიცხადეს, რომ მსგავსი კითხვები საერთაშორისო პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება და რომ ამ კითხვის მეშვეობით მნიშვნელოვანი კორელაცია დადგინდა. მაგალითისთვის იმ ადამიანების 75%, რომლებიც სსრკ-ს დაშლას დადებითად აფასებს ამავდროულად ემხრობა ქვეყნის ევროინტეგრაციას. 

ჩვენს კითხვაზე შესაძლოა თუ არა, რომ ამ შედეგების მიზეზი, 1990--იან წლებში საქართველოში განვითარებული სამხედრო კონფლიქტები, სამოქალაქო ომი და ეკონომიკური კოლაფსი იყოს, ორგანიზაციაში გვიპასუხეს, რომ ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი ფაქტორი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები