RMG GOLD

რატიანი: ზურაბიშვილი მადლობას უხდის კომპანიას, რომელმაც გარემოს 30 მილიონის ზიანი მიაყენა

ტაბულა

"ევროპული საქართველოს" წევრი, სერგო რატიანი, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, მიერ კომპანია RMG Gold-ისთვის მადლობის გადახდას გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ფორუმზე RMG Gold-ს მადლობა გადაუხადა გარემოსა და ძეგლთა დაცვის მიმართულებით გაწეული მოღვაწეობისთვის. 

"კომპანიას, რომლის გარემოსადმი მიყენებული ზიანი ითვლება 30 მილიონად, დღეს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მადლობას უხდის სწორედ გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით. ეს არის შემაშფოთებელი, ეს არის წახალისება დანაშაულებისა კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებითაც. [...] უკვე პარლამენტმა უნდა განსაზღვროს და დაითვალოს ის ზიანი, რომელიც მიყენებულია კონკრეტულად RMG Gold-ის მხრიდან,"-თქვა სერგო რატიანმა.  

კომპანია RMG Gold-ი საყდრისზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოებასთან არის კავშირში. 2014 წლის 13 დეკემბერს კომპანიამ მაღაროზე ორი უკანონო აფეთქება განახორციელა. აფეთქების შემდეგ არქეოლოგიური ობიექტის განადგურება დაიწყო. 

კულტურის სამინისტრომ 11 ადამიანისგან შემდგარი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საყდრისის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისს მოუხსნა. რამდენიმე თვის შემდეგ, 2013 წლის 9 ოქტომბერს საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს არქეოლოგიური ძეგლის სტატუსიც მოეხსნა.

კულტურის სამინისტროს 2014 წლის 13 მარტის ბრძანებით კი, RMG Gold-მა სამთო სამუშაოების შესრულების ნებართვა მიიღო. აღნიშნული ნებართვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაასაჩივრა და სასამართლოს გადაწყვეტილებით კულტურის სამინისტროს 13 მარტის ბრძანება გაუქმდა, შესაბამისად კომპანიას მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება შეუჩერდა.   

2015 წლის 4 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით, საყდრისი-ყაჩაღიანისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნისა და კომპანიისთვის არქეოლოგიური ობიექტის დაშლა-აღების უფლების მიცემის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტების მოქმედება არ შეაჩერეს.

2015 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საყდრისის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე თვით ადრე იმავე ორგანომ მხარი დაუჭირა კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს.

კომენტარები