პრეზიდენტის შეწყალება

კახიძე პრეზიდენტზე: დაიწყოს გამოძიება, დანაშაულის შემთხვევაში კი იმპიჩმენტის პროცედურა

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრ ოთო კახიძის თქმით, პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და უნდა გადამოწმდეს სალომე ზურაბიშვილის მიერ ყველა ამ შეწყალებული პირის, ასევე მათი ადვოკატების და ოჯახის წევრების კავშირი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, - "უნდა დადგინდეს ვინ მიიტანა ეს გვარები, რა ნიშნით შეირჩა, ხომ არ იყო ნეპოტისტური კავშირი, ხომ არ იყო კორუფციული კავშირი, ხომ არ არის დანაშაულის ნიშნები. დანაშაულის ნიშნები თუ დაფიქსირდა პარლამენტმა დაუყონებლივ უნდა დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა", - ამბობს კახიძე.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა საზოგადოებას არ აუხსნა, თუ რა ნიშნით გამოარჩია 24 მსჯავრდებულები, რომლებიც გაათავისუფლა. ასევე საზოგადოებისთვის უცნობია, რა ნიშნით გადაწყვიტა პრეზიდენტმა პატიმრების გათავისუფლება და ვინ ურჩია ეს.

"საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ათასობით პატიმარი, პრეზიდენტმა ხომ მათგან გამოარჩია მკვლელები, რომლებსაც თავისუფლება აჩუქა, რა ნიშნით გააკეთა ეს, ვინ ურჩია, რა კომუნიკაცია და ვისთან არსებობდა. ამასთან დაკავშირებით პასუხები არ უნდა გასცეს? ზურაბიშვილმა აბსოლუტურად სამარცხვინოდ პასუხისმგებლობა არ აიღო მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, არც საზოგადოებას უთხრა რატომ გააკეთა ეს და აბრალებს რაღაც პროცედურებს. თურმე პროცედურები არ იყო დახვეწილი და ახლა მორატურიუმი უნდა გამოაცხადოს. მორატორიუმი რა შუაშია? შეწყალების უფლება პრეზიდენტის დისკრეციაა, მაგრამ საზოგადოების უფლებაა გაიგოს, რატომ იწყალებს პრეზიდენტი მკვლელებს", - ამბობს კახიძე.

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. დღევანდელ ბრიფინგზე, რომელიც საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა, პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორაატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება. 

მარიამობის დღესასწაულის შეწყალების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი კრიტიკის ობიექტი გახდა. მის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. 

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა.

კომენტარები