სოვლაბი

სააპელაციო სასამართლომ SOVLAB-ის სარჩელი არქივის კატალოგის გაცნობის უფლებაზე არ დააკმაყოფილა

0 კომენტარი
ფოტო: სოვლაბი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევრის, ირაკლი ხვადაგიანის სარჩელი და კანონიერად ცნო საქართველოს ეროვნული არქივი/National Archives of Georgia ის მიერ საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეების კატალოგის დაშტრიხვა.

"ირონიულია, როდესაც გუშინ საზოგადოების ყურადღება და გარკვეული ნაწილის აღშფოთება იყო იმაზე, თუ რატომ იხსენებს ჩვენი მოქალაქეების დაახლოებით 41% საბჭოთა კავშირს დადებითად და მიაჩნია, რომ საბჭოთა რეჟიმის დაცემა იყო უარყოფითი მოვლენა.

პასუხი მარტივია, შეხედეთ რა მდგომარეობაში ვიმყოფებით, რა ინფორმაციას ფლობს რიგითი მოქალაქე და რას ეუბნება სახელმწიფო მკვლევრებს, რომლებსაც სურთ, რომ გააშუქონ საბჭოთა ტოტალიტარიზმის რეალობა, რა პირობებში უნდა იმუშაონ.

სახლმწიფო ამბობს, რომ დაიცადეთ კიდევ 15, 20 წელი, 30 წელი, 75 წელი სანამ შეძლებთ თქვენ ამ კვლევებზე მუშაობას და შემდეგ უკვე საზოგადოების ინფორმირებას ამ კუთხით. ამ მიდგომით გამოდის, რომ ერთი საუკუნის შემდეგაც უნდა გვედგას პრობლემა, რატომ არ ვიცით ჩვენი წარსული, რატომ გვგონია თეთრზე შავი და შავზე თეთრი." ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

სოვლაბი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული არქივი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას საშუალებას არ აძლევს, საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეების კატალოგს გაეცნოს. 

არქივი მიზეზად მსხვერპლთა პერსონალური მონაცემების დაცვას ასახელებს. 

წერილში, რომელიც მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა ეროვნული არქივისგან მიიღო, წერია, რომ "ეროვნული არქივის შესახებ" კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ ქვეპუნქტის მიხედვით, "შეზღუდულია მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების შემცველ დოკუმენტებთან, გარდა მოქალაქეთა საკუთრების უფლების შემცველი დოკუმენტებისა, აგრეთვე სხვა პირთა დაშვება სისხლის სამართლის პროცესის მასალებთან – მათი შექმნიდან 75 წლის განმავლობაში, თუ ეროვნულ არქივსა და იმ პირებს შორის შეთანხმებით, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს მასალები, უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი". 

ასევე, არქივი სოვლაბს "პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონს" ახსენებს, რომლის მე-7 მუხლის მიხედვით, "გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემები შეიძლება გამჟღავნდეს ისტორიული, სტატისტიკური და კვლევითი მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარდაცვლილმა პირმა წერილობითი ფორმით აკრძალა მათი გამჟღავნება".

სოვლაბში კი მიაჩნიათ, რომ ეს დაახლოებით იგივეა, რომ ევროპის რომელიმე სახელმწიფომ მკვლევარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დოკუმენტების გაცნობის უფლება შეუზღუდოს მათი "პერსონალური ინფორმაციის" დაცვის საბაბით.

ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები